ლგეთის საწვრთნელ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული ოთხდღიანი სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება შტაბების კოორდინირებულ მუშაობას, მუდმივ მზადყოფნასა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწას ისახავდა მიზნად.
სიმულაციურ მართვის ცენტრში სხვადასხვა სცენარი გათამაშდა. სამხედროებმა ობიექტზე თავდასხმის შესახებ შესული ინფორმაცია დაამუშავეს და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე გადაანაწილეს. წვრთნის განმავლობაში მონაწილეებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.
სწავლების ფარგლებში დაცვისა და თავდაცვითი ოპერაციები, ასევე დაჭრილის ევაკუაცია განხორციელდა, რა დროსაც სამხედროებმა სიმულაციური და საიმიტაციო საშუალებები გამოიყენეს. სწავლებაში მოწინააღმდეგე მხარის როლს სამხედროებით დაკომპლექტებული დემო ჯგუფი ასრულებდა.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პირადი შემადგენლობისა და მასზე დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აკვირდებოდა.