თეგი: ჯორჯ ბუში

ჯორჯ ბუში: პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დანებდებიან

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი“ უწოდა. ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოზარი გამართა. ბუშმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ლიდერობისა და თავისუფლებისადმი სამაგალითო ერთგულებისთვის. „მქონდა პატივი, ამ დილით, პრეზიდენტ ზელენსკის - ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილს რამდენიმე წუთით გავსაუბრებოდი. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის, მისი სამაგალითო ერთგულებისთვის თავისუფლებისადმი და მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ დანებდებიან პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებულნი არიან მათი სიმტკიცით და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას“, - აღნიშნულია ჯორჯ ბუშის ტექსტში.  

ჯორჯ ბუში: აშშ არასდროს შეწყვეტს რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვა თბილისში მიმდინარე კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა გააცნო. წრილში ხაზგასმულია, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. მისივე შეფასებით, ახლა განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ბუშის თქმით, ამჟამად მსოფლიოსთვის გამოწვევებით სავსე დროა, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს. „ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა საფრთხეები მოდის მოსკოვის რეჟიმისგან. ერთი რამ წლების განმავლობაში უცვლელი რჩება: ქართველი ხალხის სურვილი და ვალდებულება იცხოვროს თავისუფლად და წაიყვანოს ქვეყანა ისეთი ინსტიტუტებისკენ, როგორიცაა, NATO და ევროკავშირი. ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მოსკოვმა პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე“, - ციტირებს ჯორჯ ბუშის სიტყვებს კრამერი. „ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი მებრძოლები მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წერილში. 5-6 სექტემბერს თბილისში საერთაშირისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!“ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ არიან. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეექვსედ ტარდება. 

ჯორჯ ბუში: წუხილი არსებობს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენასთან და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილის შინაარსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე გაავრცელა. ბუშის წერილში ნათქვამია, რომ წუხილი არსებობს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენასთან და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ. „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეკრებაა და ვამაყობ, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ არის ამ ღონისძიების პარტნიორი. ლორა და მე მივესალმებით ქართველ ხალხს, ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს. მაშინ, როდესაც თქვენ ხვდებით თბილისში, მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიჯაჭვულია უკრაინაზე. ამ ომის შედეგს აქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება. უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს იმ ხალხის ძალას, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ იცხოვროს თავისუფლებაში, უკრაინის გამარჯვებამ შესაძლო ასევე გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, პუტინის შემოჭრის 15 წლის შემდეგ. ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანს -ატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო,“ - ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში IPN-ის ცნობით.