აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი“ უწოდა. ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოზარი გამართა.
ბუშმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ლიდერობისა და თავისუფლებისადმი სამაგალითო ერთგულებისთვის.
„მქონდა პატივი, ამ დილით, პრეზიდენტ ზელენსკის - ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილს რამდენიმე წუთით გავსაუბრებოდი. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის, მისი სამაგალითო ერთგულებისთვის თავისუფლებისადმი და მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ დანებდებიან პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებულნი არიან მათი სიმტკიცით და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას“, - აღნიშნულია ჯორჯ ბუშის ტექსტში.