თეგი: ჰაერის დაბინძურება
კვლევა: ყოველწლიურად, გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონი ადამიანი იღუპება
ატმოსფეროს დაბინძურება და გარემოში გამოტყორცნილი შხამიანი ნარჩენები მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. ამის შესახებ Reuters საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფის Pure Earth-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ეკოლოგიის პრობლემებს სწავლობენ. მეცნიერები მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ე.წ.„თანამედროვე დაბინძურება“ - წარმოების შედეგად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. ამ მიზეზებით სიკვდილობა 2000 წლის შემდეგ 66%-ითაა გაზრდილი, ამბობს კვლევის ავტორი რეიჩელ კუპკა. ამასთან, გლობალური სიკვდილობის ანალიზის თანახმად, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად 2015-2019 წლებში სიკვდილობის მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. ”ჩვენ ვსხედვართ ბოულერის ქვაბში და ნელ-ნელა ვიწვებით. კლიმატის ცვლილების, მალარიის ან აივ-ის გავრცელების პრობლემებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაქცევთ საკმარის ყურადღებას გარემოს დაბინძურების საკითხებს“, - აღნიშნა რიჩარდ ფულერმა. მეცნიერთა აზრით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც ყველაზე მეტად განიცდის გარემოს დაბინძურებას, არის ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერი, სოლომონის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკა, ჩრდილოეთ კორეა, ლესოტო, ბულგარეთი და ბურკინა ფასო.
ჰაერის ხარისხი WHO-ს ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება
ჰაერის მაკონტროლებელმა კომპანია IQAir-მა გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემები, რომლსი თანახმად, ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება. ჰაერში მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, მათ შორის ჭვარტლისა და მტვრის, - შემცველობა, რომელთა ჩასუნთქვა მრავალ პრობლემას იწვევს ჯანმრთელობისთვის, ყველაზე დაბალია მავრიკიში. მას მოსდევენ ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ესტონეთი და ფინეთი. 2023 წელს ყველაზე დაბინძურებული ჰაერი იყო ბანგლადეშში: საშიში მიკრონაწილაკების რაოდენობა იქ 16-ჯერ აღემატებოდა ნორმას - კუბურ მეტრ ჰაერზე ხუთ მიკროგრამს, რაც WHO-მ 2021 წელს დააწესა. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნების სამეულში ასევე შედიან პაკისტანი და ინდოეთი. საქართველო 62-ე ადგილზეა კატეგორიაში, სადაც შემავალ ქვეყნებშიც ჰაერის დაბინძურება ნორმას 3-5-ჯერ აღემატება. მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, ემისია ძირითადად ხდება ისეთი საწვავის წვის შედეგად, როგორებიცაა, ნახშირი, ხეტყე, დიზელის საწვავი, და მოცულობის გამო დიდხანს რჩება ჰაერში. WHO-ს მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი იწვევს შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ასევე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 2,2 წლით ამცირებს. The Guardian-ი წერს რომ, ზოგიერთი კვლევით, ჰაერის მცირე დაბინძურებაც კი ახდენს გავლენას სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის რაოდენობის ზრდაზე სასუნთქი გზებისა და გულის პრობლემების გამო. ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად IQAir-ის ექსპერტები ქვეყნებს ურჩევენ, გაზარდონ ფეხით მოსიარულეთა წილი, შეცვალონ სატყეო მეურნეობის წარმოების მეთოდები და უფრო სწრაფად შეცვალონ წიაღისეული ენერგომატარებლები სუფთა ენერგიით.