ატმოსფეროს დაბინძურება და გარემოში გამოტყორცნილი შხამიანი ნარჩენები მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. ამის შესახებ Reuters საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფის Pure Earth-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ეკოლოგიის პრობლემებს სწავლობენ.
მეცნიერები მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ე.წ.„თანამედროვე დაბინძურება“ - წარმოების შედეგად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. ამ მიზეზებით სიკვდილობა 2000 წლის შემდეგ 66%-ითაა გაზრდილი, ამბობს კვლევის ავტორი რეიჩელ კუპკა.
ამასთან, გლობალური სიკვდილობის ანალიზის თანახმად, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად 2015-2019 წლებში სიკვდილობის მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა.
”ჩვენ ვსხედვართ ბოულერის ქვაბში და ნელ-ნელა ვიწვებით. კლიმატის ცვლილების, მალარიის ან აივ-ის გავრცელების პრობლემებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაქცევთ საკმარის ყურადღებას გარემოს დაბინძურების საკითხებს“, - აღნიშნა რიჩარდ ფულერმა.
მეცნიერთა აზრით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც ყველაზე მეტად განიცდის გარემოს დაბინძურებას, არის ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერი, სოლომონის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკა, ჩრდილოეთ კორეა, ლესოტო, ბულგარეთი და ბურკინა ფასო.