თეგი: „მწვანე დერეფანი“

ბაქო იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან

აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა იტალიაში რაშად ასლანოვმა რომში გამართულ კონფერენციაზე [ „კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე“] განაცხადა. „დღეს აზერბაიჯანი სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება [როგორც პარტნიორი - რედ.] თუ რუკას დააკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ ევროპის კავშირი აზიასთან, ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან გარდაუვლად გადის აზერბაიჯანზე. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას. საქმე მხოლოდ ნავთობსა და გაზს არ ეხება, არამედ, ელექტროკაბელის პროექტსაც, რომელიც მომავალში ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, რუმინეთთან და უნგრეთთან დააკავშირებს, შემდეგ კი, ვიმედოვნებთ, მას სლოვენია და იტალია შეუერთდებიან. ეს მნიშვნელოვანი პროექტია და მის შეფასებაში მონაწილეობს მილანში დაფუძნებული იტალიური კომპანია CESI,“ - განაცხადა ელჩმა. კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2023 წლის 25 ივლისს მოეწერა ხელი საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს; სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელი 1,155 კმ-ზე მეტ სიგრძეზე იქნება გადაჭიმული - მათ შორის 1,115 კმ წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე - 525 კვ ძაბვით და 1,300 მეგავატი სიმძლავრით. შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი.  

იტალიურმა CESI-მ და GECO Power-მა შავი ზღვის კაბელის პროექტის განვითარების გეგმა განსაზღვრეს

„მწვანე ენერგიის დერეფნის“ ენერგოკომპანიის (GECO Power) ერთობლივმა საწარმომ და იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (შავი ზღვის ენერგია) პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები დასახეს. GECO Power-ის ცნობით, კომპანიებმა, პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, მე-2 სამუშაო ნაკადისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლიდან განვითარების ფაზაში გადასვლისას საჭირო ძირითად აქტივობებზე. განხილვები შეეხო შემდეგი ეტაპის ძირითად ტექნიკურ, ეკონომიკურ და განხორციელების ასპექტებს, მათ შორის განვითარების სტრატეგიისა და შესყიდვების სტრატეგიის მიდგომებს, ასევე მონაწილე ქვეყნებსა და პროექტის პარტნიორებს შორის მომავალი აქტივობების კოორდინაციას. GECO Power-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე-2 სამუშაო ნაკადი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დასკვნების სტრუქტურირებულ განვითარების ჩარჩოში გადატანისა და მწვანე ენერგიის დერეფნის განხორციელების გზის განსაზღვრის მიმართულებით. პროექტი „მწვანე ენერგიის განვითარებისა და ტრანსპორტირების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ბუქარესტში 2022 წელს.  კასპიის ზღვისა და შავი ზღვისა და ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივი საწარმო საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის 25 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს და გააერთიანებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1,115 კმ იქნება წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა 525 კვ და გამტარუნარიანობა 1,300 მეგავატი. შავ ზღვაზე წყალქვეშა ენერგოკაბელის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი. პროექტი შეტანილია ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში. ევროკომისია გეგმავს 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას მისი განხორციელებისთვის.