ბაქო იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან

აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა იტალიაში რაშად ასლანოვმა რომში გამართულ კონფერენციაზე [ „კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე“] განაცხადა.


„დღეს აზერბაიჯანი სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება [როგორც პარტნიორი - რედ.] თუ რუკას დააკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ ევროპის კავშირი აზიასთან, ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან გარდაუვლად გადის აზერბაიჯანზე. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას.


საქმე მხოლოდ ნავთობსა და გაზს არ ეხება, არამედ, ელექტროკაბელის პროექტსაც, რომელიც მომავალში ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, რუმინეთთან და უნგრეთთან დააკავშირებს, შემდეგ კი, ვიმედოვნებთ, მას სლოვენია და იტალია შეუერთდებიან. ეს მნიშვნელოვანი პროექტია და მის შეფასებაში მონაწილეობს მილანში დაფუძნებული იტალიური კომპანია CESI,“ - განაცხადა ელჩმა.


კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2023 წლის 25 ივლისს მოეწერა ხელი საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის.


შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს; სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელი 1,155 კმ-ზე მეტ სიგრძეზე იქნება გადაჭიმული - მათ შორის 1,115 კმ წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე - 525 კვ ძაბვით და 1,300 მეგავატი სიმძლავრით. შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი.