„მწვანე ენერგიის დერეფნის“ ენერგოკომპანიის (GECO Power) ერთობლივმა საწარმომ და იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (შავი ზღვის ენერგია) პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები დასახეს.
GECO Power-ის ცნობით, კომპანიებმა, პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, მე-2 სამუშაო ნაკადისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლიდან განვითარების ფაზაში გადასვლისას საჭირო ძირითად აქტივობებზე.
განხილვები შეეხო შემდეგი ეტაპის ძირითად ტექნიკურ, ეკონომიკურ და განხორციელების ასპექტებს, მათ შორის განვითარების სტრატეგიისა და შესყიდვების სტრატეგიის მიდგომებს, ასევე მონაწილე ქვეყნებსა და პროექტის პარტნიორებს შორის მომავალი აქტივობების კოორდინაციას.
GECO Power-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე-2 სამუშაო ნაკადი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დასკვნების სტრუქტურირებულ განვითარების ჩარჩოში გადატანისა და მწვანე ენერგიის დერეფნის განხორციელების გზის განსაზღვრის მიმართულებით.
პროექტი „მწვანე ენერგიის განვითარებისა და ტრანსპორტირების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ბუქარესტში 2022 წელს.
კასპიის ზღვისა და შავი ზღვისა და ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივი საწარმო საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის 25 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს და გააერთიანებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს.
წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1,115 კმ იქნება წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა 525 კვ და გამტარუნარიანობა 1,300 მეგავატი. შავ ზღვაზე წყალქვეშა ენერგოკაბელის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი.
პროექტი შეტანილია ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში. ევროკომისია გეგმავს 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას მისი განხორციელებისთვის.