თეგი: „ოქროს ფონდი“
ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა
ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება „აფსნი-პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა. ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის „მინისტრმა“ დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის.“ „შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეაში 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, რომლებიც ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის გამოუსწორებელი დანაკარგია. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი," - ამბობს დინარა სმირი. საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლის გაჩენის შესახებ საგანგაშო შეტყობინება სამორიგეო სადგურმა ღამით, 03:38 საათზე მიიღო. ხანძრის ჩაქრობაში სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან გაგზავნილი 11 სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა. საბოლოოდ, ცეცხლის ლოკალიზება დილის შვიდი საათისთვის შეძლეს. სამხატვრო გალერეის „დირექტორის“, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მისი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. „მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი განადგურდა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია,“ - განაცხადა საკანიამ.
ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა. „უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა,“ - დაწერა მან ტელეგრამზე. ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა ლუბიმოვამ მომხდარს „აფხაზეთისთვის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ცნობისთვის, ხანძრის შედეგად „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი. აფხაზეთის ეროვნული გალერეა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.