ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა.


„უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა,“ - დაწერა მან ტელეგრამზე.


ლუბიმოვამ მომხდარს „აფხაზეთისთვის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა.

ცნობისთვის, ხანძრის შედეგად „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი. აფხაზეთის ეროვნული გალერეა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.