თეგი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი
ირაკლი კობახიძე: მოსახლეობის 60%-ზე მეტი მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს
ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება" აუცილებლად მიიღებს ამ კანონს და ეს იქნება "ქართული საზოგადოების ნების აღსრულება." მან ასევე გააფრთხილა კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები, რომ "ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი", პოლიციელებს კი, მოუწოდა "გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით", ისე როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდნენ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ნორვეგიის საგარეო უწყება - „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე აცხადებს, რომ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს. „ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, მის ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის და დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს,“ - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.