ირაკლი კობახიძე: მოსახლეობის 60%-ზე მეტი მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს

ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება" აუცილებლად მიიღებს ამ კანონს და ეს იქნება "ქართული საზოგადოების ნების აღსრულება." მან ასევე გააფრთხილა კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები, რომ "ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი", პოლიციელებს კი, მოუწოდა "გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით", ისე როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდნენ.


პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით.


სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“


აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.