თეგი: „ქართული ქარტია“

რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტია“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ეს ეს განცხადება ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გააკეთა. რას ნიშნავს ეს ქარტია, პრეზიდენტის შეთავაზებას სრულად გთავაზობთ. „სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით რას ნიშნავს - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე! ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის - ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება - ეს უკვე მე არ მეხება. სხვანაირი არჩევნები - დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა, მეობა. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ,,ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს! სხვანაირი პარლამენტი - ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის, ის, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს. სხვანაირი მთავრობა - ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს   დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავლია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების ეს გზა. ამავე დროს, ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს. ახლა უნდა გთხოვოთ ცოტა მოთმინება, რათა წაგიკითხოთ ქარტიის ტექსტი, რომ ყველამ იცოდეს, რა პირობები და ვალდებულებები არის აქ ნაკისრი: ქართული ქარტია ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ეს ნაბიჯებია: ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონი, ანუ რუსულ კანონი, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების  კანონები და სხვა. ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამინისტია. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა   სასამართლოს გათავისუფლება გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის  შემოწმების გზით; ეს შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა  მისი რეპუტაცია; შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს; შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას; სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები; მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.   იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  ძირეული რეფორმა შეეხება:   ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - კერძოდ: დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია; ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება; იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს აეკრძალებათ: სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება; ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.   რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება: პროკურატურას გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით საპროკურორო საბჭო გაძლიერდება სუსი/შსს ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.   ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით რაც დღეს არ გააჩნია სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.  ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.  მარეგულირებელ ორგანოებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო  პირობები: დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და   ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. --------------- ამ გეგმას ვთავაზობ პოლიტიკურ პარტიებს (ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვთ პრეტენზია და ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული, პროდასავლური პარტიები), 1 ივნისამდე გადაწყვიტონ იღებენ თუ არა ამ ძალიან რთულ  პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე. შემდეგ უკვე ძალიან მოდის საარჩევნო კამპანიის დრო, სადაც თქვენ წინაშე წარდგებიან ამ ქოლგის ქვეშ, რომელიც გააერთიანებს პროევროპელ პარტიებს (ცალ-ცალაკე თუ ერთად, თუ როგორც მათი ნება იქნება). მე კი ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა.  ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მაგრამ მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება მზად არის იმისთის, რომ  გადავდგათ ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში.“

ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“, რომელზეც ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მივიდნენ. „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერენ ხელს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პარტიებისთვის მიღებას მართავს. დოკუმენტს შეუერთდნენ: „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია); „მწვანეთა მოძრაობა“ (გია გაჩეჩილაძე); „დროა“ (ელენე ხოშტარია); „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე); „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა); „კანონი და სამართალი“ (თაკო ჩარკვიანი); „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე); „ახალი“ (ნიკა მელია); „მოქალაქეები“ (ქეთი თურაზაშვილი); „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ (ირაკლი ჯამბურია); „ხალხისთვის“ (კახაბერ დვალიშვილი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ (პაატა მანჯგალაძე); „ევროპული საქართველო“ (გიგა ბოკერია); „რესპუბლიკური პარტია“ (დავით ბერძენიშვილი); „ნაციონალური მოძრაობა“ (თინა ბოკუჩავა); „სახელმწიფო ხალხისთვის“ (ნიკა მაჭუტაძე); "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" (ბაჩუკი ქარდავა); დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი როსტომ ჩხეიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია; დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. „ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან "საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.  

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა

პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ "ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა.  ქართულ მედიასაშუალებებს პარტიაში განუცხადეს, რომ ქარტიას ხელი დღეს, 23 სექტემბერს მოეწერა. ამ დრომდე პარტიას “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაზე” ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს - "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია." ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ "ქართულ ქარტიას" ხელი 3 ივნისს მოაწერა. რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტია“ „ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ,“ - წერია „ქართულ ქარტიაში.“  

პრეზიდენტი: ტექნიკური მთავრობა პარტიებთან კონსულტაციებით უნდა შეიქმნას, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტიით" გათვალისწინებულ ერთ-ერთ პუნქტზე, ტექნიკურ მთავრობასა და მის დაკომპლექტებაზე ისაუბრა. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ის უნდა შედგებოდეს პროფესიონალებისგან და არა პარტიების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში.“ „მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს - ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები.“ „ეს არის სამოქმედო გეგმა, ტექნიკური მთავრობა, პროფესიონალების მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები“. დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომაა ახლა დაშვებული, რომ ცდილობენ პოლიტიკურ-კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია. ეს არის [კრიზისის] დაძლევის ერთადერთი საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც ასევე არსებობს ევროპაში. იტალიამ გვაჩვენა, საბერძნეთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები. ეს თავისთავად დეპოლარიზაციაა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით. ვემსახუროთ ქვეყანას, როგორც ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ ფიცის დადების დროს - „ვემსახურები საქართველოს“. ასე უნდა იყვნენ პოლიტიკოსებიც, პოლიტიკური პარტიები და მაშინ იქნება ეს ქვეყანა მართლაც დაცული. მე გთავაზობთ, რომ ამ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია დამოუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტი: ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში.“ მე ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანად ვარ. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისა და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია (სხვა პარტიებმაც მოაწერეს მოაწერეს ხელი და არ უნდა დავივიწყო ისინი) რჩება ქარტიის სრულიად ერთგული - ანუ იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში. და ეს არის ის, რაც ყველაზე მთავარია. ეს, ამ შემთხვევაში, თქვენ, ყველას, იმ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა ევროპაა, აძლევს საშუალებას, რომ თვითონ თავისი გემოვნებით აირჩიოს და იმის მიხედვით, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ის ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისათვის მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი იქნება ის უმრავლესობა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვევ-მოხვევის გარეშე. ასე რომ, თქვენ აირჩიეთ რომელიმე, რომელიც გირჩევიათ, ყველა ერთად, ოთხივე პარტია და ჩემთან, ერთად როგორც ქარტიის ინიციატორთან და როგორც ქარტიის გარანტორთან წავალთ ამ გზაზე. ამ ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერებულობის მეორე მიზეზი ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც დგანან ჩვენ გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლოდროინდელი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა და ელჩთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. „დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა, არამხოლოდ ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება გამოხატა - დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, იმ გზაზე ძალიან სწრაფად დაბრუნებისათვის. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის გაყინული დახმარებები. ესეც დამიდასტურა, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში,“ განაცხადა ზურაბიშვილმა. 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ხვალ ძალიან ბევრნი იქნებით. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ძალიან დიდი დღეა და ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, დავემშვიდობებით ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების გზაა, გზა, რომელმაც ჩვენ ყველანი უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა! ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ასევე ვიცი, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, მცდელობები დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ სწორ გზაზე ხართ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, თავისი მომავლის არჩევანისთვის - ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვგარეშე უნდა იყოს, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, თქვენი ყველა ხმის იქ მიტანისათვის, სადაც საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი გადაწყდება. მე აქ ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები, იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო ჰქვია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.