თეგი: 19 აპრილის შეთანხმება
ევროკავშირის ელჩი: არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს
„ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს მხარეს იქნება, ჩვენ არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია უშუალოდ, საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს“, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ოთხმა არასამთვრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ელჩს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია ფასილიტაციის როლი კვლავ იკისროს ევროკავშირმა. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დიალოგი შედეგიანი და ადგილობრიდ დონეზე კი, ამისთვის მზაობა იყოს. „სუნთქვა შეკრული ვიქნები, როგორ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ისევ მოირგოს ფასილიტაციის როლი - ეს არის შეკითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. თუ ჩვენ ფასილიტაციის როლი გვაქვს იმისთვის, რომ დიალოგი შედეგიანი იყოს, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ადგილობრივ დონეზე უნდა არსებობდეს მფლობელობის განცდა, რადგან საბოლოო ჯამში, ვერ იქნება შეთანხმება, რომლის მიმართაც ხელმომწერებს საკუთრების განცდა არ აქვთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ამ კონტექსტში ჰარცელმა პრეზიდენტის ინიციატივა ახსენა, რომელიც მისი შეფასებით, გარკვეულწილად, გზაა დაბრკოლებებსა და გამოწვევებთან სამუშაოდ და ევროკავშირი ამ პროცესს აკვირდება. „ვნახავთ, ეს იქნება ალბათ კარგი გზა და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო თანმიმდევრული იყოს ორივე მხარესთან მუშაობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ამასთნ, კარლ ჰარცელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალიან რელევანტურია მართლაც ვიფიქროთ, რის მიღწევას ვცდილობთ და რაზე იყო ეს შეთანხმება. „როდესაც ვმუშაობდი ხავიერ სოლასთან, მისი საყვარელი გამოთქმა იყო, თქვენ უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით და არა წესებთან...ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას მიაჩნია, რომ მაგალითად, ამ თუ იმ ნაბიჯით შეიძლება, ჩვენ წინ წავიდეთ“, - აღნიშნავს ელჩი. აქვე კითხვას სვამს, რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ, ელჩი მიიჩნევს, რომ უნდა ვცადოთ ნდობის ხელახლა დამკვიდრება. ხოლო, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაზე და იმაზე, რომ საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, კარლ ჰარცელის აზრით, მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელება, მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, რომელიც ევროკავშირის ელჩის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია. აქვე დიპლომატი მიესალმა უკანასკნელი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას 80% ემხრობა. ამასთან, მიუთითა იმაზე, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არი არის და საქმის კეთება უფრო ბევრზე მეტყველებს. ელჩმა წინსვლის მისწრაფების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თავის მხრივ კი, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.
ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება არ შესრულდა
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და სინანული გამოთქვა, რომ დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ვალდებულება არ შესრულდა. კარლ ჰარცელმა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების განმტკიცებისთვის ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს, ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით. „ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, არ განხორციელდა ბოლომდე, საქართველოს დემოკრატიული გზის ხელშესაწყობად. მეორე, მნიშვნელოვანია შეთანხმების არსი, რომელიც ეფუძნება რეფორმებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. ეს არის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მმართველობა, რომ ემსახუროს უკეთ თავის ხალხს და ასევე წინ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს, ეს ეხება კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს უფრო რელევანტურია დღეს, ვიდრე არასდროს, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მანვე ყურადღება გაამახვილა საგარეო საფრთხეებზე და აქედან გამომდინარე, პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითა. „ჩვენ ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფრთხეს ვაწყდებით, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შიგნით უზრუნველყონ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მშენებლობა. დემოკრატია ფუფუნება არ არის, დემოკრატია მშვიდობის დროს უნდა იყოს დაცული და აუცილებელია, დღეს უზრუნველვყოთ მისი სიძლიერე და უფრო ძლიერი გავხადოთ ხვალ. 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში. ეს საგზაო რუკა ჯერ კიდევ აქ არის და საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლებელია, რომ ისარგებლოს ამით. ეს ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომ კონსტუქციულად და აქტიურად იმუშაოს. მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევროპულ მისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? - უნდა დავსვათ ეს კითხვა, რომელიც გაამყარებს პასუხს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე ანომალია იყო, აღარ დავუშვებთ - კობახიძე
რეალურად, არ არსებობს არცერთი, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის თუ სხვა რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ითხოვს იმ წესის შენარჩუნებას, რომელიც დღეს არის დადგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით განაცხადა. მან 19 აპრილის შეთანხმება და საარჩევნო კოდექსში არსებული წესი ანომალიებად შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ანომალიის მიზანი საბოტაჟის შექმნა იყო. „რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად, 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს - ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკოსთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება არ შესრულდა ცნობისთვის, 2022 წლის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.