ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და სინანული გამოთქვა, რომ დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ვალდებულება არ შესრულდა. კარლ ჰარცელმა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების განმტკიცებისთვის ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ევროკავშირის ელჩის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს, ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით.
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, არ განხორციელდა ბოლომდე, საქართველოს დემოკრატიული გზის ხელშესაწყობად. მეორე, მნიშვნელოვანია შეთანხმების არსი, რომელიც ეფუძნება რეფორმებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს.
ეს არის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მმართველობა, რომ ემსახუროს უკეთ თავის ხალხს და ასევე წინ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს, ეს ეხება კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს უფრო რელევანტურია დღეს, ვიდრე არასდროს, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა საგარეო საფრთხეებზე და აქედან გამომდინარე, პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითა.
„ჩვენ ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფრთხეს ვაწყდებით, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შიგნით უზრუნველყონ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მშენებლობა.
დემოკრატია ფუფუნება არ არის, დემოკრატია მშვიდობის დროს უნდა იყოს დაცული და აუცილებელია, დღეს უზრუნველვყოთ მისი სიძლიერე და უფრო ძლიერი გავხადოთ ხვალ. 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში.
ეს საგზაო რუკა ჯერ კიდევ აქ არის და საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლებელია, რომ ისარგებლოს ამით. ეს ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომ კონსტუქციულად და აქტიურად იმუშაოს. მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევროპულ მისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? - უნდა დავსვათ ეს კითხვა, რომელიც გაამყარებს პასუხს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისთვის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა.
თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.