თეგი: IJF

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) საპატიო პრეზიდენტი აღარ იქნება. გადაწყვეტილების შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კვირას გამოაცხადა. IJF-მა პარასკევს განაცხადა, რომ გააუქმა 20-22 მაისის ღონისძიება რუსეთში. „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სინანულით აცხადებს, რომ 2022 წლის გრანდ სლემი რუსეთში, ყაზანში გაუქმებულია", - განაცხადა IJF-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.

რუსი და ბელორუსი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და ბელორუს სპორტსმენებს ​ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობის უფლება მიეცათ. „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად უფლება ექნებათ და განიხილებიან მხოლოდ ის სპორტსმენები და დამხმარე პერსონალი, რომლებიც შემოწმების პროცესს დაექვემდებარებიან“, - ნათქვამია პრესრელიზში. კერძოდ, ინდივიდუალურად განიხილავენ, დაუშვან თუ არა სპორტსმენი შეჯიბრებაზე. სპორტსმენები არ უნდა იყვნენ რუსეთის ომის მხარდამჭერები ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებთან დაკავშირებულები. 7-14 მაისს დოჰაში გასამართ მსოფლიო პირველობაზე რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები იასპარეზებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მათ გრან პრიზე, გრანდ სლემსა და მასტერსზე გამოსვლის უფლებაც ექნებათ. 2022 წლის სექტემბერში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საერთაშორისო შეჯიბრებში რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენების მონაწილეობა შეაჩერა. 28 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია გაუწია საერთაშორისო ფედერაციებს, რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის ნება დართონ, თუმცა გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ. ინფორმაციისთვის, იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.  

უკრაინა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებს, რადგან რუს და ბელორუს სპორტსმენებს ასპარეზობის უფლება მისცეს

უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გადაწყვიტა, ბოიკოტი გამოუცხადოს ძიუდოში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 7-13 მაისს ყატარში, დოჰაშია დაგეგმილი. შესაბამისი განცხადება უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი დუბროვამ გააკეთა. უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მიეცათ.  დუბროვას თქმით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) არც კი შეუმოწმებია ძიუდოის მსოფლიო ჩემპიონატზე მსურველი სპორტსმენები და მათ შორის ცსკა-ს არაერთი წევრია.