რუსი და ბელორუსი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და ბელორუს სპორტსმენებს ​ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობის უფლება მიეცათ.

„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად უფლება ექნებათ და განიხილებიან მხოლოდ ის სპორტსმენები და დამხმარე პერსონალი, რომლებიც შემოწმების პროცესს დაექვემდებარებიან“, - ნათქვამია პრესრელიზში.

კერძოდ, ინდივიდუალურად განიხილავენ, დაუშვან თუ არა სპორტსმენი შეჯიბრებაზე. სპორტსმენები არ უნდა იყვნენ რუსეთის ომის მხარდამჭერები ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებთან დაკავშირებულები.


7-14 მაისს დოჰაში გასამართ მსოფლიო პირველობაზე რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები იასპარეზებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მათ გრან პრიზე, გრანდ სლემსა და მასტერსზე გამოსვლის უფლებაც ექნებათ.

2022 წლის სექტემბერში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საერთაშორისო შეჯიბრებში რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენების მონაწილეობა შეაჩერა. 28 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია გაუწია საერთაშორისო ფედერაციებს, რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის ნება დართონ, თუმცა გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ.

ინფორმაციისთვის, იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.