თეგი: ბანკები

უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, სანქცირებულ რუსულ ბანკებში უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება არ განახორციელონ

უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბანკებში არ მოახდინონ. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუცილებელია, რომ ყველა კლიენტმა განახორციელოს ანგარიშსწორება სხვა ბანკებში, რათა თავიდან აიცილონ სახსრების არასასურველი დაბლოკვა. „ცენტრალურ ბანკს და ბანკებს დაევალათ, იმუშაონ ადგილობრივ საწარმოებთან, რათა დაადგინონ, ექვემდებარებიან თუ არა უცხოელი პარტნიორები სანქციებს და ჩამოაყალიბონ საწარმოების ინფორმირების სისტემა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელებამდე“, - განაცხადა მარეგულირებელმა სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ.  ასევე ცნობილია, რომ ერთი დღით ადრე უზბეკურმა ბანკმა Ipak Yuli-მ შეაჩერა საერთაშორისო გადახდები ყველა ვალუტაში, გარდა რუსული რუბლისა, ისეთი საკრედიტო ინსტიტუტებით, როგორიცაა, Sberbank, Novikombank, Promsvyazbank, VEB.RF, Tinkoff Bank და სხვა, მათ შორის არიან ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიიდან. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ჩეხურმა ბანკებმა, რუსეთიდან UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეწყვიტეს

ჩეხურმა ბანკებმა, რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეაჩერეს, რადგან ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის  ბანკომატებში ნაღდი ფულის მიღება შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „რუსული ბანკების მიერ გამოშვებული UnionPay პლასტიკური ბარათების სერვისი ამ დროისთვის შეწყვეტილია“, - აცხადებენ დირექტორატში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთში ბანკომატებმა UnionPay ბარათების მომსახურება შეწყვიტეს.  

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეკორდული მოცულობა შეისყიდეს

მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, 2022 წლის მესამე კვარტალში, 1967 წლის შემდეგ პირველად, რეკორდული რაოდენობის ოქრო (399 ტონა) იყიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. იუწყება Bloomberg-ი მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებზე დაყრდნობით. როგორც სააგენტო წერს, წელს ოქროს ზოდების ფასზე ზეწოლა აშშ-ის ფედერალური ბანკის განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ მოახდინა, რამაც ინვესტორები აიძულა, ოქრო როგორც შემოსავლის მომტანი აქტივი, საბირჟო ვაჭრობის ფონდებში გაეყიდათ.  Bloomberg-ის ცნობით, ყველაზე მეტი ოქრო, თურქეთისა და ყატარის ცენტრალურმა ბანკებმა შეისყიდეს. გარდა ამისა, იყო ასევე დაურეგისტრირებელი შესყიდვები დაწესებულებებიდან, რომლებიც WGC-ის მიხედვით, საერთო მონაცემის მნიშვნელოვან წილს შეადგენს. „ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რეგულარულად არ აქვეყნებენ მონაცემებს ოქროს შესყიდვების შესახებ“, - წერს Bloomberg-ი. „ყველა ოფიციალური დაწესებულება საჯაროდ არ აქვეყნებს ოქროს ფლობას ან ამას დაგვიანებით აკეთებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ შემდგომი დაურეგისტრირებელი შესყიდვების შესაძლებლობა“, - ნათქვამია WGC-ის კვარტალურ ანგარიშში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება

„ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. პარლამენტში შევდივართ ინიციატივით, რომ ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდეს“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, „უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ - წელს ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება“.  „პარლამენტს მივმართავთ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.  

ლევან დავითაშვილი: ე.წ ესტონური მოდელი საშეღავათოა და ის ბანკებს არ სჭირდებათ

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება „ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო. დღეს ასევე ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარებულია, მაშინ როცა ესტონური მოდელი ძირითადად საშეღავათოა და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს მოდელი. ამ საკითხზე იყო ბანკებთან მკაფიო კომუნიკაცია და ეს გადაწყვეტილება მათთან კომუნიკაციის შედეგადაც იქნა მიღებული. ეს ობიექტურ რეალობას ეფუძნება და არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო ლოგიკა არსებობს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიებისთვის, ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება ერთი წლით გადავადდა. შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.  

რუსული ბანკების მოგება 2022 წელს თითქმის 12-ჯერ შემცირდა

2022 წლის შედეგების მიხედვით, რუსულმა ბანკებმა 203 მილიარდი რუბლის წმინდა მოგება დააფიქსირეს, ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიმოხილვაში. 2021 წლის რეკორდულ შედეგთან შედარებით, როდესაც ბანკების მოგებამ 2,4 ტრილიონი რუბლი შეადგინა, 2022 წელს მოგება 11,8-ჯერ შემცირდა, აღნიშნავს RBC. რუსულმა ბანკებმა, სულ მცირე შვიდი წლის განმავლობაში 2015 წლის შემდეგ (192 მილიარდი რუბლი) ყველაზე დაბალი წლიური წმინდა მოგება დააფიქსირეს.  რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის ბოლოს საბანკო სექტორმა წლის პირველ ნახევარში მიღებული 1,5 ტრილიონი რუბლის ზარალი აანაზღაურა და მიიღო „მცირე მოგება“.  

ლევან დავითაშვილი: ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ბანკებთან, ასევე ბანკების ძირითად ინვესტორებთან, რომლებსაც აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია. დავითაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია თურნავამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის. „რთულია, რამე დავამატოთ, რადგან ვფიქრობ, ნათია თურნავამ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არაერთი გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამომწურავად არის პასუხი გაცემული ძირითად საკითხებზე. მინდა, ჩემი მხრიდან დავამატო, რომ ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე აჟიოტაჟი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტულად საფინანსო სექტორის. მგრძნობიარეა საფინანსო სექტორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა მოითხოვს, ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, აქ ძალიან მკაფიოდაა ყველაფერი და ბანკებშიც რეალურად დღეს არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა, გითხრათ, საკმაოდ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე რომ, რა თქმა უნდა, განგებ ჩვენ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით შეიძლება დავაზიანოთ, მაგრამ ეს არის უპასუხისმგებლო, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, კავშირი, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ, მათ შორის ძირითად გამოწვევებზეც ერთად ვმსჯელობთ. დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, მათ შორის კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენს ბანკებში ინვესტორებთან, რათა ჩვენს ძირითად პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით. 26 სექეტემბერს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა, რითაც ეროვნულ ბანკში ახალი შტატი შეიქმნა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.