ირაკლი ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება

„ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. პარლამენტში შევდივართ ინიციატივით, რომ ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდეს“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, „უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ - წელს ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება“. 

„პარლამენტს მივმართავთ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.