უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, სანქცირებულ რუსულ ბანკებში უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება არ განახორციელონ

უზბეკეთის ხელისუფლება კომპანიებს ურჩევს, უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორება დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბანკებში არ მოახდინონ. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუცილებელია, რომ ყველა კლიენტმა განახორციელოს ანგარიშსწორება სხვა ბანკებში, რათა თავიდან აიცილონ სახსრების არასასურველი დაბლოკვა.

„ცენტრალურ ბანკს და ბანკებს დაევალათ, იმუშაონ ადგილობრივ საწარმოებთან, რათა დაადგინონ, ექვემდებარებიან თუ არა უცხოელი პარტნიორები სანქციებს და ჩამოაყალიბონ საწარმოების ინფორმირების სისტემა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელებამდე“, - განაცხადა მარეგულირებელმა სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ. 

ასევე ცნობილია, რომ ერთი დღით ადრე უზბეკურმა ბანკმა Ipak Yuli-მ შეაჩერა საერთაშორისო გადახდები ყველა ვალუტაში, გარდა რუსული რუბლისა, ისეთი საკრედიტო ინსტიტუტებით, როგორიცაა, Sberbank, Novikombank, Promsvyazbank, VEB.RF, Tinkoff Bank და სხვა, მათ შორის არიან ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიიდან.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.