ლევან დავითაშვილი: ე.წ ესტონური მოდელი საშეღავათოა და ის ბანკებს არ სჭირდებათ

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება.

„ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო. დღეს ასევე ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარებულია, მაშინ როცა ესტონური მოდელი ძირითადად საშეღავათოა და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს მოდელი.

ამ საკითხზე იყო ბანკებთან მკაფიო კომუნიკაცია და ეს გადაწყვეტილება მათთან კომუნიკაციის შედეგადაც იქნა მიღებული. ეს ობიექტურ რეალობას ეფუძნება და არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო ლოგიკა არსებობს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიებისთვის, ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება ერთი წლით გადავადდა.

შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.