თეგი: გრანტი

უკრაინა გერმანიისგან €1 მილიარდს მიიღებს

უკრაინისა და გერმანიის ფინანსთა სამინისტროებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, უკრაინისთვის €1 მილიარდის მოცულობის გრანტის გადაცემის შესახებ. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. თანხა მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, საომარი მდგომარეობის დროს სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფარვის მიზნით. „ბატონო ლინდერ, [გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი], მადლობა პირადად თქვენ, თქვენს გუნდსა და პროცესის ყველა მონაწილეს, რომელთა ძალისხმევითაც ჩვენ ძალიან სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინამ გერმანიიდან €1 მილიარდი მიიღო

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტმა გერმანიიდან €1 მილიარდი ევროს ოდენობით გრანტი მიიღო. უწყების ცნობით, საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გახსნილი სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიშის მეშვეობით გადაირიცხა. შემოსული თანხა მოხმარდება საომარი მდგომარეობის დროს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საომარი მდგომარეობის შემოღების დაწყებიდან უკრაინას ფინანსური და საბიუჯეტო სისტემის მხარდასაჭერად გერმანიიდან უკვე 1,3 მილიარდი ევრო აქვს მიღებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინის 1 მილიარდი ევროს საგრანტო დაფინანსების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი 24 ივნისს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს. მანამდე პარასკევს, ევროკომისიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობით, მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა, ხოლო ნორვეგია, დაახლოებით იგივე რაოდენობის დახმარებას 2022 წლის ბოლომდე ან 2023 წლის დასაწყისამდე დაჰპირდა.  

ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, ევროკავშირის გრანტი გადაეცა

ევროკავშირმა, გამარჯვებულ ქალაქ ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, პროექტ EU4Culture საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში 300,000 ევრომდე გრანტი გადასცა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.  დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 19 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მერი და EU4Culture პროექტის თანამშრომლები. „ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირის 30,000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს, პროექტის კონსორციუმმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულ, ქალაქ - ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით 300 000 ევრომდე დაფინანსება გადაეცა.  პროექტი, სამივე ქალაქს, შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგ პროგრამებს“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად, რეგიონის ქალაქი, ზუგდიდი კულტურის განვითარების სტრატეგიას განახორციელებს. ქალაქ ზუგდიდს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდოს ზუგდიდის ცნობადობა, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და გააქტიუროს კულტურული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კატალინ გერმანმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.  

ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც ბიუჯეტი 9 200 000 ევროს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს. ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით: ლოტი 1: ხელი შეუწყოს ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში; ლოტი 2: აღმოფხვრას გენდერული ნიშნით ძალადობა და გაზარდოს გენდერული თანასწორობა საქართველოში; ლოტი 3: ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე; ლოტი 4: ხელი შეუწყოს საქართველოში სურსათის უვნებლობას ადგილობრივ დონეზე საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების გზით; ლოტი 5: გააძლიეროს გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა; ლოტი 6: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება სასამართლო რეფორმის შესახებ; ლოტი 7: გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის, დეცენტრალიზაციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების მონიტორინგსა და განხორციელებაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე; სრული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.ly/3T5mv72 , რეფერენსი: EuropeAid/176767/DD/ACT/GE. კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა: 24/04/2023, 12:00 (ბრიუსელის დროით)