უკრაინისა და გერმანიის ფინანსთა სამინისტროებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, უკრაინისთვის €1 მილიარდის მოცულობის გრანტის გადაცემის შესახებ. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
თანხა მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, საომარი მდგომარეობის დროს სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფარვის მიზნით.
„ბატონო ლინდერ, [გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი], მადლობა პირადად თქვენ, თქვენს გუნდსა და პროცესის ყველა მონაწილეს, რომელთა ძალისხმევითაც ჩვენ ძალიან სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.