ევროკავშირმა, გამარჯვებულ ქალაქ ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, პროექტ EU4Culture საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში 300,000 ევრომდე გრანტი გადასცა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 19 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მერი და EU4Culture პროექტის თანამშრომლები.
„ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირის 30,000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღეს.
საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს, პროექტის კონსორციუმმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულ, ქალაქ - ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით 300 000 ევრომდე დაფინანსება გადაეცა.
პროექტი, სამივე ქალაქს, შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგ პროგრამებს“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად, რეგიონის ქალაქი, ზუგდიდი კულტურის განვითარების სტრატეგიას განახორციელებს. ქალაქ ზუგდიდს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდოს ზუგდიდის ცნობადობა, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და გააქტიუროს კულტურული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კატალინ გერმანმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.
ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.