თეგი: ევროინტეგრაცია

არასამთავრობოები: ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია. ორგანიზაციების განცხადებით, მსგავსი განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს. „საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროპული პარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, თუ მას უსამართლო პირობებით მიიღებს, რაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ხაზგასმით გაგრძელდა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება და მის „სიმბოლურ“ მნიშვნელობაზე აპელირება მოსახლეობაში ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ. მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირების და პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხადყოფს, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გაცნობიერებული არ აქვთ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელობა, რაც მათი მხრიდან ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის ყველა დაბრკოლების აღმოფხვრას და დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადად განხორციელებას გულისხმობს. ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას: საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას. ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები“,- აღნიშნულია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საფარი“, „რონდელის ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „უფლებები საქართველო“.

უკრაინა უკვე მუშაობს კანონპროექტების შემუშავებაზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე

უკრაინა უკვე მუშაობს მთელი რიგი კანონპროექტების შემუშავებაზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის და პარლამენტი მათ მალე მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს. „დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკანონმდებლო აქტების განხორციელებას უკრაინის სამართლებრივ სფეროში უმაღლეს რადა მალე დაიწყებს“, - განაცხადა რადას სპიკერმა. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, რადა თითქმის ყოველ კვირას იკრიბება კანონპროექტების მისაღებად. ამავდროულად, სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტს უკვე მიღებული აქვს 81 კანონპროექტი, რომლებიც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.  ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, 23 ივნისს დაამტკიცეს.  

ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა

ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრა თბილისში შედგა. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო მონტენეგროს მხარეს – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ალექსანდარ მაშკოვიჩი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციების ძირითად საკითხს წარმოადგენდა საქართველო-მონტენეგროს შორის ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა. თეიმურაზ ჯანჯალიამ მონტენეგროელ კოლეგას გააცნო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. თავის მხრივ, მონტენეგროს სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირთან მონტენეგროს ინტეგრაციის დინამიკაზე. „ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორი ქვეყნის სექტორულ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ფორმატების ჩამოყალიბებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, შავი და ადრიატიკის ზღვების სავაჭრო-სატრანზიტო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.    

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება.  პრეზიდენტი: უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია “არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორეს გადააბრალებს ამ საკითხში უშედეგობას. მცდარია წარმოდგენა, რომ შეიძლება შემდეგ გამოხვიდე რომელიმე მხარე გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. დღეს ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას, ევროინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. დროა ყველამ შეიგნოს, რომ ეს ეროვნული ინტერესია“,- აღნიშნავს პრეზიდენტი. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა  

კელი დეგნანი: ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა

ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი „ვერ ვიტყვით, ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის კონკრეტული ინიციატორი, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან, 19 აპრილის შეთანხმებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების თითოეული პუნქტი და საკითხი მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან და იყო იმ დიალოგისა და მოლაპარაკებების შედეგი, რაც იმართებოდა. „მართლმსაჯულების რეფორმაზე იყო საკმაოდ დიდი განხილვები, დისკუსიები და გარკვეულწილად ეს საკითხები, ამასთან დაკავშირებით, მოდიოდა ან პოლიტიკური ლიდერებისგან თავად ან ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის ან ეუთოს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა განეხორციელებინა საქართველოს. ვერ ვიტყვით კონკრეტული ინიციატორი ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა და თითოეული საკითხი რაც იქ განიხილებოდა და რაც იქნა მიღებული, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან, ვინც ესწრებოდნენ ამ მოლაპარაკებების პროცესს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მოგეხსენებათ, რომ ეს კომისია დაკომპლექტებულია სამართლის სფეროს ექსპერტებით, რომლებიც სწავლობენ ევროპის და არამხოლოდ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ საქართველოს ვურჩიეთ, რომ ვიდრე მიიღებს კანონმდებლობას ეს გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში და ასევე ეუთოში შეფასებებისთვის იმიტომ, რომ მათ უკეთ იციან, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონმდებლობა საუკეთესო სტანდარტებს, რამდენად შეესაბამება ევროპის კანონმდებლობას და აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას ეს კანონმდებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე კონცენტრირება და კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი. ეს იყო ყველაზე დიდი პრიორიტეტი და დაპირება, ვინაიდან ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი. ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მოლდოვის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება 2024 წელს სურს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან 24 დეკემბერს კვირას გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. სანდუმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, „ეს შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ.“ „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა მოლდოვის ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. და ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს გვაქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ ქვეყანას მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის მოწყობა მომავალ შემოდგომაზე, რომელშიც გადამწყვეტი იქნება მოქალაქეების ხმა,“ -განაცხადა მაია სანდუმ. მან ასევე სთხოვა მოლდოვის მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას „ევროპული ინტეგრაციის შესახებ მისიის შესასრულებლად.“