მოლდოვის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება 2024 წელს სურს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან 24 დეკემბერს კვირას გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

სანდუმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, „ეს შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ.“


„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა მოლდოვის ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. და ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს გვაქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ ქვეყანას მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის მოწყობა მომავალ შემოდგომაზე, რომელშიც გადამწყვეტი იქნება მოქალაქეების ხმა,“ -განაცხადა მაია სანდუმ.

მან ასევე სთხოვა მოლდოვის მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას „ევროპული ინტეგრაციის შესახებ მისიის შესასრულებლად.“