კელი დეგნანი: ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა

  • ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი

„ვერ ვიტყვით, ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის კონკრეტული ინიციატორი, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან, 19 აპრილის შეთანხმებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების თითოეული პუნქტი და საკითხი მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან და იყო იმ დიალოგისა და მოლაპარაკებების შედეგი, რაც იმართებოდა.

  • „მართლმსაჯულების რეფორმაზე იყო საკმაოდ დიდი განხილვები, დისკუსიები და გარკვეულწილად ეს საკითხები, ამასთან დაკავშირებით, მოდიოდა ან პოლიტიკური ლიდერებისგან თავად ან ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის ან ეუთოს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა განეხორციელებინა საქართველოს.

ვერ ვიტყვით კონკრეტული ინიციატორი ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა და თითოეული საკითხი რაც იქ განიხილებოდა და რაც იქნა მიღებული, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან, ვინც ესწრებოდნენ ამ მოლაპარაკებების პროცესს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მოგეხსენებათ, რომ ეს კომისია დაკომპლექტებულია სამართლის სფეროს ექსპერტებით, რომლებიც სწავლობენ ევროპის და არამხოლოდ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.

სწორედ ამიტომ საქართველოს ვურჩიეთ, რომ ვიდრე მიიღებს კანონმდებლობას ეს გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში და ასევე ეუთოში შეფასებებისთვის იმიტომ, რომ მათ უკეთ იციან, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონმდებლობა საუკეთესო სტანდარტებს, რამდენად შეესაბამება ევროპის კანონმდებლობას და აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას ეს კანონმდებლობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე კონცენტრირება და კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი.

ეს იყო ყველაზე დიდი პრიორიტეტი და დაპირება, ვინაიდან ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი. ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა”, - განაცხადა კელი დეგნანმა.