თეგი: ვირუსი

საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა, 259 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 708 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 447 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 92 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 654 255-ს შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის - 1.20%, 7 დღის  - 1.15%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 241 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 791-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 16 800 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 2, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 1 638 საიდანაც, 319 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 184, აჭარაში - 9, იმერეთში - 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 4, იმერეთში - 7. 1 319 ადამიანი სახლში მკურნალობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება - გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება. მისივე თქმით, ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება გასული წლებისგან. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტს აქვს ადენოვირუსი. გრიპის ვირუსი მხოლოდ ხუთი პროცენტია, რომელიც არის H3 ფორმით. H2 ფორმა კიდევ უფრო ცოტაა და ის ორ პროცენტშია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

ინფექციონისტი: რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებსა და ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ

რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით, საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში და ასევე ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული და ფონური დაავადებები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. „სიმპტომები სხვადასხვაა, ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია მაღალი ტემპერატურა 39/40 გრადუსი, რომელიც შეიძლება 5 და მეტი დღე გაგრძელდეს. ამას თან ერთვის ძლიერი სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გართულებების პრევენცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა ქართულ მედიასთან საუბრისას. ექიმების ცნობით, საქართველოში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს მათ შორის რინო, ადენო და რესპირაციული ვირუსები. ექიმები პიკურ პერიოდს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.  

სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება - ჩხაიძე

არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. „ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის - გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ინფექციონისტი: მოსალოდნელია, რომ ვირუსული შემთხვევების პიკი, იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ვირუსული შემთხვევების პიკი, იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება. "განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება, ასევე, მცირეწლოვანი ბავშვები. რთული სათქმელია, პიკი როდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება მსგავსი დინამიკა, რაც ახლა გვაქვს. ამ კუთხით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა გოგინავამ. ამასთან, გოგინავამ დასძინა, რომ გრიპის ვირუსს გარკვეულ ვითარებაში ახასიათებს მძიმედ მიმდინარეობა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ მოსახლეობაში.  

საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს

საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს. როგორც ცნობილია, ყველაზე გავრცელებული „ა“ ტიპის ვირუსია.  ექიმები შემთხვევათა რაოდენობის გაორმაგებას ელოდებიან.  რისკ ჯგუფში ორ წლამდე ბავშვები, ორსულები და 50 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები შედიან.  

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა - ცერცვაძე

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნოემბერი-დეკემბერი და შემდეგ თებერვალი-მარტი არის რესპირაციული ინფექციების პიკის პერიოდი, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. „სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, – ეს არის დიდი სიცრუე. არ არის მომზადებული კი არა, ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა რესპირაციულ ვირუსებს. მართალია, ძალიან ბევრი რესპირაციული ინფექციაა, გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია. ფაქტობრივად, ჩვენ კოვიდით გარდაცვალება მივიყვანეთ მინიმუმამდე. საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. კოვიდის შემთხვევებმა ოდნავ მოიმატა, მხოლოდ მცირედით, დღეში 200 შემთხვევაზე მეტი არ გვაქვს. ეს მაჩვენებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან ათეულათასი შემთხვევებია. გრიპების პროცენტული წილი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ამ სეზონზე მაინც დომინირებს გრიპები კონკრეტულად კი A ტიპის ვირუსი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

გრიპის სეზონი დასრულდა - ჩხაიძე

 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. „ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა.იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით კი კორონავირუსი მთელი წელი იქნება.  დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი. რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.  

ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება 3-4-ჯერ ნაკლებია 2022-2023 წლის სეზონთან შედარებით - ივანე ჩხაიძე

ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს. მანვე აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში. „47-ე კვირა გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ არის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი, არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსებით სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები. მაგალითად: თუ ახლა 2023-2024 წლის განმავლობაში ინციდენტობა, ანუ 100 000-ზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 12 000 ათასი ბოლო კვირას, ანალოგიურ პერიოდში, ერთი წლით ადრე, ამ შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა, ანუ 3-4-ჯერ ნაკლებია ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, უბრალოდ, სავარაუდოდ, გადაიწევს შემთხვევათა მატების პიკი და ალბათ, აციების კვალდაკვალ, რომელიც საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეების მანძილზე გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევებიც მოიმატებს, დეკემბერი და იანვარი, ისე, როგორც გვქონდა სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნება გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა და მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით (დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში),“ - აღნიშნა ჩხაიძემ. რაც შეეხება ვაქცინაციას ჩხაიძისთვის უცნობია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ საქართველოში 200 000 დოზა უკვე შემოტანილია რისკჯგუფებისთვის. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკი ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით. ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის ნაკლები ინფორმირებულობა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციური შეფასება, რომ რახან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.  

ივანე ჩხაიძე: ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა. ივანე ჩხაიძის თქმით, ძირითადად არის H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს. ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მთავარი რეკომენდაციებია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვიანობა. „მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ, ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ

ივანე ჩხაიძე: ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება

ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა. როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა. „გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა. ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია. გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება. ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს. ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს. თუ დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია. მომართვიანობა გაზრდილია, ასე იყო წინა წლებშიც, საქართველოში დეკემბერი - იანვარი ყოველთვის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების აქტიურობის მაქსიმალური პერიოდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი. სავარაუდოდ, წელს გრიპის სეზონი ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც წინა წლებში,“ - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.  

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვირუსის ცირკულირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. „ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. კორონას პერიოდში ჭარბობდა კორონავირუსი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასობრივად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ,“ განუცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისივე ინფორმაციით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. „რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება, გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. სამწუხაროდ, ყველაზე უფრო მძიმე კორონას პერიოდი იყო, მძიმე გამოსავლებით. ნიღაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც ავად არის, ატაროს, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. იმნაძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება. „გრიპის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ადამიანი სეზონის დროს იცრება, ვაქცინა დაუყოვნებლივ არ იძლევა იმუნიტეტს, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. დღეს რომ ვაქცინა გაიკეთო და ხვალ გრიპი დაგემართოს, ვაქცინის ბრალი არ იქნება, რადგან მან ვერ მოასწრო მუშაობა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს, მოხუცებს, ორსულებს, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპი, მათთვის აუცილებელია აცრა, რომელიც ქვეყანაშია,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ. სპეცილისტის თქმით, ვირუსების პიკურ პერიოდს ჯერ არ გადაუვლია. „პიკური პერიოდი საქართველოში არის ხოლმე დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევარში. ახლა ისეთი არაფერია, რაც არ იყო შარშან. პიკური პერიოდი, შესაძლოა, კიდევ იყოს, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყება. კორონამ ყველას დაავიწყა გრიპი. 39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. აქვე ვიტყვი, რომ ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. საერთოდ, არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. არცერთი ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსულ დაავადებებზე. ანტივირუსულია, მაგალითად, „ტამიფლუ“, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი პრეპარატია. დიდმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ 3 დღე მაინც აქვს მაღალი ტემპერატურა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.  

მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები - იმნაძე

კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა - მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე. „ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ 50% არის აცრილი. ისეთი არაკომპეტენტური ანტიპროპაგანდა წავიდა ვაქცინებზე, რომ რაც გვინდოდა სამიზნე მაჩვენებელი ვერ მივაღწიეთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე. დღეს, კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს. 3% არის დღეს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამებს (JN.1 და HV.1) აღნიშნული შტამები ჯერ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მის კლინიკურ მიმდინარეობას წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით არავითარი განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი. უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელების პოტენციალი მას მეტი აქვს. ზოგადად, პანიკის საფუძველი არასდროს არსებობს, ყველაფერს რაციონალური მიდგომა სჭირდება. როგორც შეგვიძლია ისე დავიცვათ თავი, ნიღაბი გავიკეთოთ, ხელების დაბანა ყოველთვის კარგია, იქნება ეს კორონავირუსი, თუ სხვა ინფექცია,“ - აღნიშნა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. იმნაძის თქმით, ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის, ის ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. როგორც მან განმარტა, თუ მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს მკურნალობაში ექიმი უნდა ჩაერიოს. “არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი!“ „როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები პრაქტიკულად არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება. სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწვეს. საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს,“ - აღნიშნა იმნაძემ.