რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვირუსის ცირკულირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია.


„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. კორონას პერიოდში ჭარბობდა კორონავირუსი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასობრივად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ,“ განუცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელს.


მისივე ინფორმაციით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია.

„რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ.


ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება, გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. სამწუხაროდ, ყველაზე უფრო მძიმე კორონას პერიოდი იყო, მძიმე გამოსავლებით. ნიღაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც ავად არის, ატაროს, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.


იმნაძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.

„გრიპის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ადამიანი სეზონის დროს იცრება, ვაქცინა დაუყოვნებლივ არ იძლევა იმუნიტეტს, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. დღეს რომ ვაქცინა გაიკეთო და ხვალ გრიპი დაგემართოს, ვაქცინის ბრალი არ იქნება, რადგან მან ვერ მოასწრო მუშაობა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს, მოხუცებს, ორსულებს, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპი, მათთვის აუცილებელია აცრა, რომელიც ქვეყანაშია,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.


სპეცილისტის თქმით, ვირუსების პიკურ პერიოდს ჯერ არ გადაუვლია.

„პიკური პერიოდი საქართველოში არის ხოლმე დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევარში. ახლა ისეთი არაფერია, რაც არ იყო შარშან. პიკური პერიოდი, შესაძლოა, კიდევ იყოს, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყება. კორონამ ყველას დაავიწყა გრიპი.


39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. აქვე ვიტყვი, რომ ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. საერთოდ, არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა.


არცერთი ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსულ დაავადებებზე. ანტივირუსულია, მაგალითად, „ტამიფლუ“, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი პრეპარატია. დიდმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ 3 დღე მაინც აქვს მაღალი ტემპერატურა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.