საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნოემბერი-დეკემბერი და შემდეგ თებერვალი-მარტი არის რესპირაციული ინფექციების პიკის პერიოდი, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
„სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, – ეს არის დიდი სიცრუე. არ არის მომზადებული კი არა, ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა რესპირაციულ ვირუსებს.
მართალია, ძალიან ბევრი რესპირაციული ინფექციაა, გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია. ფაქტობრივად, ჩვენ კოვიდით გარდაცვალება მივიყვანეთ მინიმუმამდე. საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. კოვიდის შემთხვევებმა ოდნავ მოიმატა, მხოლოდ მცირედით, დღეში 200 შემთხვევაზე მეტი არ გვაქვს. ეს მაჩვენებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან ათეულათასი შემთხვევებია. გრიპების პროცენტული წილი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ამ სეზონზე მაინც დომინირებს გრიპები კონკრეტულად კი A ტიპის ვირუსი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.