კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა - მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე.
„ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ 50% არის აცრილი. ისეთი არაკომპეტენტური ანტიპროპაგანდა წავიდა ვაქცინებზე, რომ რაც გვინდოდა სამიზნე მაჩვენებელი ვერ მივაღწიეთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე.
დღეს, კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს. 3% არის დღეს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი.
რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამებს (JN.1 და HV.1) აღნიშნული შტამები ჯერ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მის კლინიკურ მიმდინარეობას წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით არავითარი განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი.
უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელების პოტენციალი მას მეტი აქვს. ზოგადად, პანიკის საფუძველი არასდროს არსებობს, ყველაფერს რაციონალური მიდგომა სჭირდება. როგორც შეგვიძლია ისე დავიცვათ თავი, ნიღაბი გავიკეთოთ, ხელების დაბანა ყოველთვის კარგია, იქნება ეს კორონავირუსი, თუ სხვა ინფექცია,“ - აღნიშნა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
იმნაძის თქმით, ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის, ის ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. როგორც მან განმარტა, თუ მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს მკურნალობაში ექიმი უნდა ჩაერიოს.
- “არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი!“
„როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები პრაქტიკულად არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება.
სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწვეს.
საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს,“ - აღნიშნა იმნაძემ.