თეგი: კალათბურთი

თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს

თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ივნისის ბოლომდე კონტრაქტი გააფრომა ბოლონიის „ვირტუსთან“.  „სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე“, - ტრანსფერის შესახებ განცხადება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში“ ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა. სწორედ იქ შეარქვეს მას Air Georgia. ასევე წაიკითხეთ: მედია: თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა

ხავიერ კოლომინა: საოცარი მატჩი ვნახეთ ესპანეთსა და საქართველოს შორის, ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს ამ დიდ გამარჯვებას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას Twitter-ზე გამოეხმაურა. „საოცარი მატჩი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ჩემს სამშობლო ესპანეთსა და საქართველოს შორის. ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს, ამ დიდ გამარჯვებას“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.  

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები 19 ქულით დაამარცხა

თურქეთში, საერთაშორისო ტურნირის სათამაშოდ მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია. მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და 19-ქულიანი გამარჯვებით – 90:71 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 23 ქულით ბომბარდირი ალექსანდრე გაფრინდაშვილი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო ვლადიმერ სარალიძე გახდა – 20 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება. 8 ქულა ზურაბ ვაშაკიძემ მიითვალა, 7-7 დააგროვეს ვახტანგ გოგბერაშვილმა და გიორგი ჟღენტმა. სამმა კალათბურთელმა – მათე კაპანაძემ, ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ნიკა რატიანმა 5-5 ქულა მიითვალეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისში გასამართი 20-წლამდელთა B დივიზიონისთვის ემზადება, რომელშიც 19 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ახალაშენებულ „თბილისი არენასა” და ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით 37:61 დაამარცხა და  “ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. მსგავსად სხვა თამაშებისა, ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. აღსანიშნავია ნატალი ჩუტკერაშვილის თამაში, რომელმაც 12 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. მსგავსად წინა შეხვედრებისა, ფინალშიც გამოირჩეოდა სალომე სვანი, მან გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 4 ქულა და 8 მოხნა კი, ანა ნამგალაძის ანგარიშზეა.   ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო გუნდის ცენტრი, ლიკა კვირკველია სალომე სვანთან ერთად C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა.  წყარო - კალათბურთის ფედერაცია  

ევრობასკეტი 2022 თბილისში: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს ბელგიასთან გამართავს

საქართველო 1-7 სექტემბერს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად პირველად მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები მონაწილეობენ,  „თბილისი არენაზე“ გაიმართება. პირველ სექტემბერს, თბილისი არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, ბელგიას დაუპირისპიდება. საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანზონაში 31 აგვისტოს გაიხსნა.  

ევრობასკეტზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები წლევანდელ ევრობასკეტიზე მეორე მატჩს მართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია.  მატჩის პირველი მეოთხედი დასრულდა. ანგარიში ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ 18:16-ია. მატჩს ესწრება თორნიკე შენგელია.  პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან 79:76 დამარცხდა.   

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დამატებით დროში დაამარცხა

თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 81, დამატებით დროში დაამარცხა. წუთის და 24 წამით ადრე, სანდრო მამუკელაშვილის სამქულიანით, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. ამის შემდეგ თურქეთს ტექნიკური ჯარიმა მისცეს და საქართველო დაწინაურდა - 88:81. თურქეთმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლო და მხოლოდ ორი ქულა მიითვალა. საბოლოო ანგარიში - 88:83 დაფიქსირდა. მანამდე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე გაათანაბრა. 34 წამით ადრე, ანგარიში 66:66 იყო. ბოლო შეტევა თურქეთის ნაკრებმა გამოიყენა და ორი ქულით გავიდა წინ. ამის შემდეგ, საქართველოს შესატევად 11 წამი დარჩა, რაც გუნდმა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. პირველი ოვერტაიმიც ფრედ დასრულდა. 33:36 - ეს ანგარიში კი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირდა.

ფიბა-ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა

საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.  საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ემიჯნება ძალადობას და თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ქმედებებზე, მოკვლევის დაწყებას ითხოვს „ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა. თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე. სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას“.  4 სექტემბერს, თურქეთის ნაკრების წევრ ფორკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს ინციდენტი ევრობასკეტის მატჩის მიმდინარებისასაც მოხდა. თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ სპორტის სასახლის გასახდელთან თავს დაესხნენ. თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა. 4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთთან წააგო

საქართველოს საკალათვბურთო ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი ჩაატარა. ბულგარელებმა ანგარიშით - 92:80 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 21 ქულა გოგა ბითაძემ დააგროვა, სამმაგ დუბლს მიუახლოვდა სანდრო მამუკელაშვილი: 13 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. თად მაკფადენმა 19 ქულა მიითვალა.  

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის გამარჯვებულია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგრო ანგარიშით - 82:78 დაამარცხა. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა. მან 21 ქულა დააგროვა.  „მადლობა დიდი შრომისთვის ყველა კალათბურთელს. მძიმე მატჩი იყო ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან. მონტენეგროს შეუძლია თამაში ფარქვეშ, პერიმეტრიდან, რთული იყო დაცვა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. გვაქვს ტალანტი და თუ ერთ ოჯახად დავრჩებით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია. მადლობა გულშემატკივრებს. გპირდებით ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიოს ქართული კალათბურთის სული და გული დავანახოთ,“ – განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა. ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა ირანის ნაკრებმა, რომელმაც იორდანია დაამარცხა. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. გუნდი ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესა და ვენესუელასთან მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 17 აგვისტოს გაემგზავრება, სადაც მსოფლიო პირველობისთვის მზადებას დაიწყებს.  

გერმანიის საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონია

გერმანიის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონია. პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიამ სერბეთის ნაკრები 83:77 დაამარცხა. გერმანიამ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავრა, გუნდმა 8 დან 8 მატჩი მოიგო. ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გერმანელი ფრანც ვაგნერი გახდა, ხოლო ტურნირის უძვირფასეს კალათბურთელად (MVP) დენის შრიოდერი დაასახელეს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი კანადის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში აშშ 127:118 დაამარცხა.  

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი გაწვრთნის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის ჰაპოელში დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს. „საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობის შემდეგ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად ბერძენ სპეციალისტს, ილიას ზუროსს მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოეწურა და სექტემბრიდან ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ალეკსანდარ ძიკიჩთან რამდენიმე თვიან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რა პერიოდშიც არაერთი დეტალი შეთანხმდა და დაკორექტირდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ნაკრების ინტერესების შესაბამისად გადაწყდა და იერუსალიმის ჰაპოელთან დაშორების შემდეგ სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება, რათა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოემზადოს, რომლებსაც 23 თებერვალს ნესტვედში, დანიასთან და 26-ში თბილისში, სერბეთთან გამართავს. მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, ძიკიჩი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის პარტიზანში მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ნბა-ში გადავიდა და მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ ქეისის ასისტენტი გახდა. ძიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა. მინესოტაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს ალეკსანდარ ძიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის ოლიმპიას მთავარი მწვრთნელი გახდა. ალეკსანდარ ძიკიჩმა სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო - ორჯერ ოლიმპიაში, ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ - ნოვო მესტოს კრკა-ში. ძიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში ძიკიჩს წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ ტელეკომთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა ლიეტუვოს რიტასს (ლიეტუვა), პარტიზანს (სერბეთი), ბუდუჩნოსტს (მონტენეგრო), ესტუდიანტესს (ესპანეთი) და ჰაპოელს (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ძიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე რუსთავის მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ მონაკოში - საშა ობრადოვიჩის ასისტენტი,“ - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.