თეგი: კრიმინალი

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული შ.ა.-ს, 1975 წელს დაბადებულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევ პირებს: 1993 წელს დაბადებული ე.ა.-ს და 1994 წელს დაბადებული ე.ჯ.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ე. ს., 1980 წელს დაბადებული თ. ს. და 1960 წელს დაბადებული ი. დ. ნარკორეალიზაციისთვის არიან დაკავებული. „დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის", „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიდუბეში სამი ადამიანი დაჭრეს

შსს-ს განცხადებთ, პოლიციამ დიდუბეში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.ბ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით“, - აცხადებს შსს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N359 ავტობუსში ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაცით, ავტობუსში სროლა შელაპარაკებას მოჰყვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის (მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება; მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.საქმე ეხება 2014 წლის 16 სექტემბერს მომხდარს, კერძოდ, პროკურატურის ცნობით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.  „სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ. ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად 2014 წლის 18 სექტემბერს ხ.ჯ.-მ თავი მოიკლა. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ბ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე, მის ავტომობილზე თავდასხმის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის დროს, ბ.შ.-სთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გ.შ. და მ.ხ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოებში. პროკურატურამ ბრალდებულ ბ.შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.შ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. რაც შეეხება მ.ხ.-ს, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თბილისში ორი ადამინი დაჭრეს. შემთხვევა დიღმის მასივში, 11 ივნისის ღამით მოხდა. უწყებას დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.  

სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად - ვახტანგ გომელაური კრიმინოგენურ ვითარებაზე

დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან შედარებითაც, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ სიტუაციას შეეხებოდა. „სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, მაგრამ სტატისტიკა, მათემატიკა იცით რა არის? ხომ იცით? მათემატიკაა ჩვეულებრივი. მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა გაიზარდა? არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთანაც“, - განაცხადა გომელაურმა.  

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, მესამე - იძებნება

გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. მესამეს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები კონსტანცის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა. არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა. საქართველოს ეჭვმიტანილი მოქალაქეები 31-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან.  

გორში, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გორში მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ადგილობრივ ვეტერინარიულ კლინიკაში ამბობენ, რომ ძაღლის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. განახლება: კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი სავარაუდოდ, იარაღით დაჭრა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ეს ბოლო კვირის განმავლობაში გახმაურებული მეორე მსგავსი შემთხვევაა. გამოძიების ცნობით, 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ძაღლს ჯოხით სასტიკად სცემა. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა  

თელავში სამი კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.კ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით კი, ქალი მეზობელმა, შუახნის კაცმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.