შსს-ს განცხადებთ, პოლიციამ დიდუბეში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს თბილისში, მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.ბ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით“, - აცხადებს შსს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.