თეგი: პენსია

საპენსიო სესხის განაკვეთი მაქსიმუმ 26% იქნება

კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ გაუმჯობესდეს. „საპენსიო გასაცემლებზე სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რეგულარულად მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტიდან, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალობისა და საჯაროობისთვის. ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა საბანკო დაწესებულებებთან, ეროვნულ ბანკთან. ფაქტიურად, კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალდღიანი და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დღეს ფულის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება და დაიწევს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი და ის ინდექსი, რომელზეც მიბმულია, ჩვენი გადაწყვეტილებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კონკურსის პირობებში ველოდებით დიდ კონკურენციას ბანკების მხრიდან და ველოდებით ამაზე კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საპენსიო სააგენტო: დაგროვებითი პენსიით უკვე 2267-მა პირმა ისარგებლა

საპენსიო სააგენტო 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.52 მილიარდი ლარია; ამონაგები კი, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს. "საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 301 000 ადამიანია. დღეისათვის, პენსია 2267 პირზე გაიცა და გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საპენსიო სააგენტო განმარტავს, რატომ არ ჩანდა მოქალაქეების ინდივიდუალურ ანგარიშებზე დანაზოგი

განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში. „როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

საპენსიო სააგენტო: 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია

2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს. „ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 313 ათასი ადამიანია. დღეის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,387 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 5,458,570 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა. „რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიძლება კითხულობდეს. ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი ახალი წამოწყების დაფინანსება, ახალი პროგრამების დაფინანსება. 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ეს არის რეალური, ის რაც ჩვენ შევძელით. მინდა ვთქვა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტით შევამცირეთ მშპ-ს 3,2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც 2 წლის წინ იყო 60%-მდე მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებებით, საქართველოს მოქალაქეებს, პენსიები გაეზრდებათ. "70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება

მომავალი წლის ბიუჯეტით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა "მომავალი წლის ბიუჯეტით, 70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილმა ბავშვთა დახმარებაზეც ისაუბრა. "მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ეს გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა რომ კიდევ გავზარდოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა პრემიერმა.  

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან დამსაქმებლები

„საპენსიო სააგენტოს" დირექტორის, გიორგი დანელიას განცხადებით, დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ. ამის შესახებ დანელიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „მომზადებული გვაქვს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომლის სამუშაო ვერსიაზე მუშაობაც წინა კვირაში დასრულდა შესაბამის სამინისტროებთან ერთად და ერთ-ერთი პუნქტი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ სქემის მონაწილეებმა იყო, რომ ამ თანხაზე დაგვერიცხა საპროცენტო სარგებელი და ის საპროცენტო სარგებელი გამოგვეყენებინა დაფინანსების წყაროდ, თუმცა იურიდიულად საკმაოდ რთულია და კაზუსს იწვევს, ამიტომ ვერ ხერხდება ამის გამოყენება, ამიტომ ეს თანხა კვლავ დარჩება. იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, პრევენციის სახით ჯარიმის რაღაც ოდენობა, შესაძლოა, განისაზღვროს. ეს ვფიქრობთ, რომ შეამცირებს ამ თანხის ოდენობას, ხოლო მას, ვისაც უკვე გადმორიცხული აქვს ეცდება, რომ გაანაწილოს, სანამ დაჯარიმების მექანიზმი ამოქმედდება და სამომავლოდაც დანიშნულების გარეშე არ გადმორიცხოს თანხები“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.  

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარების ოდენობა

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარების ოდენობა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: •            პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; •            მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; •            მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი; •            ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე; •            დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი; •            საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი; •            მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.     გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:   •            70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:   მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი; •            70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:   მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;   •            მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით; •            სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით; გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.  

დღეიდან საპენსიო ზღვარი მცირდება

დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მცირდება, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება. „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს რომ „ლიბერთი ბანკი“ კაბალურ 43% და 36%-ში სესხის გაცემას ვეღარ შეძლებს. (საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება). აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა, აგრეთვე მსჯელობა მიზნობრივ, შემხებლობაში მყოფ ჯგუფებთან. იმის მიზეზებზე სამსჯელოდ, თუ რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა - პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ინიციატივით არაერთი შეხვედრა შედგა, მათ შორის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით განხილვა გაიმართა. პარტია „მოქალაქეების“ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, უწყებათაშორის კომისია შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც პარტია „მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი იყო. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი საკონკურსო პირობები, რომლის საფუძველზეც პენსიონრისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი გარანტირებული იქნება. საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ შემოსვლის შემდგომ, ჩვენი ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ახალი საკონკურსო პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბებაზე შეთანხმება, სადაც დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი, რომლის საფუძველზეც პენსიონერებზე სესხის გაცემა ისეთ პროცენტში მოხდება, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს,“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერდოღანმა თურქეთში მინიმალური საპენსიო ასაკი გააუქმა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპენსიო ასაკის მინიმალური ასაკი გააუქმა. ხსენებულმა გადაწყვეტილებამ პენსიაზე გასვლის საშუალება ორ მილიონზე მეტ მუშაკს მისცა.  იტყობინება გაზეთი Hürriyet. ახალი გადაწყვეტილებით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა 1999 წლის სექტემბრამდე დაიწყეს და რომლებსაც 20-დან 25 წლამდე სამუშაო სტაჟი აქვთ. აქამდე საპენსიო ასაკი ქალებისთვის 58, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი იყო დადგენილი. 2023 წლიდან თურქეთში მინიმალური ხელფასი თვეში 8500 ლირამდე უნდა გაიზარდოს. 2022 წელს მინიმალური ხელფასი 4253 ლირა იყო. მედია წერს, რომ მინიმალური საპენსიო ასაკის გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლოა, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მზადების ნაწილი იყოს. არჩევნები იმავე დღეს - 2023 წლის 18 ივნისს ჩატარდება, როცა კანონი ამოქმედდება.   

2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა ამონაგები, კი 479.5 მილიონ ლარს შეადგენს. „საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 372 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,086 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,985,980.66 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საპენსიო აქტივების ღირებულება სამ მილიარდ ლარს აჭარბებს

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 1 359.9 მლნ ადამიანი იყო ჩართული, საპენსიო აქტივების პორტფელის ჯამური ღირებულება 2 947 მლნ ლარს შეადგენდა, წმინდა ამონაგები კი 438.3 მილიონი ლარს. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.13 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 476 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 377 ათასი ადამიანია. ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,159 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,268,836.39 ლარს შეადგენს.  

31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 492 მილიონ ლარს შეადგენს, - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური მარტის ანგარიშს აქვეყნებს. "საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით – 43.31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.28% შეადგინა. 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.24 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არაა, რადგან ეს არის მოქმედი პროდუქტი და მომავალშიც იგივე მოცემულობის დადგომის ალბათობა არსებობს. ამის შესახებ მან პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფთან“ შეხვედრისას, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კაკაურიძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ პენსიონერებს დღეს პურსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. „პენსიონერები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ყოველდღე იმას ფიქრობენ პური იყიდონ თუ წამალი. ამ ადამიანებმა სესხი რატომ აიღეს? უდიდესი გაჭირვების გამო, თორემ 290 თუ 295 ლარიდან სესხში 70-90 ლარს იხდიან, მძიმე დღეში არიან. თუ ამის პოლიტიკური ნება და სურვილი იქნება, ეს არის ძალიან მარტივი. ეს ფული არის ჭარბი შემოსავალი, რომელიც დაგეგმილი არ იყო,“ - განაცხადა ვაშაძემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული. მან განმარტა, „საპენსიო სესხების განულება რატომ „არ არის მიზანშეწონილი.“ „როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 ათასის ნაცვლად, 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს? თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. მომდევნო წლის ბიუჯეტში მსგავსი თანხა გათვალისწინებული არ არის, პირველად ვერსიაში. არ შეიძლება, 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება,“ - განაცხადა კაკაურიძემ.  

შსს: ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია პირველი მაისიდან გაიზრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის პირველი მაისიდან გაიზრდება. შსს განმარტავს, რომ კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით: პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა; ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი - კაპიტანი) - 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა; გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი - პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა; დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი - გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა. ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და აღნიშნული პენსია 1-ელი მაისიდან გაიზრდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

შვეიცარიაში რეფერენდუმზე 58%-მა პენსიის გაზრდას დაუჭირა მხარი

შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე პენსიის გაზრდას დაუჭირეს მხარი, რაც პენსიონერებისთვის ყოველწლიურად დამატებით მე-13 თვის გადასახადის მიცემას გულისხმობს. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, ინიციატივის მომხრე ამომრჩეველთა 58% იყო, ხოლო მოწინააღმდეგე - 42%. ამას გარდა, შვეიცარიელებმა უარყვეს ცალკე წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის 65-დან 66-მდე გაზრდას გულისხმობდა. პენსიის გაზრდის წინადადება პროფკავშირებს ეკუთვნის, ხოლო მისი მოწინააღმდეგე შვეიცარიის მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნეს ლიდერების თქმით, ახალი კანონპროექტის დაფინანსების საშუალება სახელმწიფოს არ აქვს. მაქსიმალური ყოველთვიური სახელმწიფო პენსია შვეიცარიაში €2 550-ს შეადგენს, მას არასაკმარისად მიიჩნევენ. შვეიცარია საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. ნოემბრის თვის Economist Intelligence Unit-ის რეიტინგით, ციურიხი, სინგაპურთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი იყო. გაზრდილ პენსიას შვეიცარიაში 2026 წლიდან მიიღებენ.