კარლ ჰარცელი: გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს

ევროკავშირი ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ელჩის განცხადებით, გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს. მისი თქმით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა ძალიან თამამი და ამბიციური მიზანია და იმედს გამოთქვამს, რომ მის მიღწევაში სხვებიც ჩაერთვებიან.

"გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს დღეს. ამ საკითხებში ევროკავშირი უკვე არის მსოფლიო ლიდერი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან პლანეტა ჩვენს გააქტიურებას ვეღარ დაელოდება. ამიტომ ჩვენ მიზნად 30 წელიწადზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ.

იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ "ევროპულ მწვანე შეთანხმებას" (EU Green Deal) ვუწოდებთ.

ეს არის ძალიან თამამი და ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაშიც, იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს - საქართველოს გავუზიაროთ. ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მხოლოდ გრანდიოზულ ხედვებსა და პროექტებზე საუბარს არ გულისხმობს. ის ყოველ ჩვენგანს ეხება, რადგან წარმატების მისაღწევად ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და უბრალოდ, ადამიანებს, მოქმედება და ერთად დგომა გვჭირდება წარმატების მისაღწევად. წარმატებას კი, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) აღინიშნება.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.

პირველად გარემოს დაცვის დღე აღინიშნა 1973 წელს, რომლის თემაც იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. 1974 წლიდან ამ დღის აღსანიშნ ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.