- ჯანმო: რუსეთში ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტესტირება და მონიტორინგი მიმდინარეობს.
- გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთში, ციმბირის რეგიონში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებამ გააჩინა ეჭვი, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, ჭირი ყოფილიყო; ორგანიზაცია სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
- ჯანმო თანამშრომლობს შტაბ-ბინასთან, რათა სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს ინფორმაცია; ორგანიზაცია მზადაა, დაეხმაროს „რუსეთის ხელისუფლებას, თუ ისინი ამას მოითხოვენ.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ციმბირში მდებარე შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. 28 წლის ლაბორატორიის თანამშრომელი, დარია შიპილოვა, ირკუტსკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამსახურში ყოფნისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს [WHO] წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა, რომ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში ჭირის შემთხვევები არ დაფიქსირებულა; აღნიშნულ ქალაქში გასულ კვირას ჭირის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი გარდაიცვალა.
მოსკოვს, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო წესების თანახმად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებზე 24 საათის განმავლობაში რეაგირება ევალება, ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება იკვლევდა, ხომ არ გამოიწვია ქალის სიკვდილი ჭირმა.
მათ ასევე აცნობეს გაეროს სააგენტოს, რომ დაადგინეს გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირები და რომ სახიფათო ინფექციურ პათოგენებზე ჩატარებული ტესტების შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა.
სააგენტო Reuters-მა ჯერჯერობით ვერ დააზუსტა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ტესტირება ლაბორატორიის თანამშრომელსაც ჩაუტარდა და გამორიცხავდნენ თუ არა მის შემთხვევაში ჭირის არსებობას. ჟენევაში გაეროსთან არსებულმა რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთში ეპიდემიის რისკი დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განმარტა, რომ დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების ნიშნები არ შეინიშნება. „არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა პირი, ვისთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა; მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ამ დროისთვის არცერთ მათგანს დაავადების სიმპტომები არ გამოუვლენია,“ — აღნიშნა კრისტიან ლინდმაიერმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ლინდმაიერმა განაცხადა, რომ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რისკების პირველადი შეფასებით, „ირკუტსკისთვის რისკი ზომიერიდან დაბალ დონემდეა შეფასებული, რუსეთის ფედერაციისთვის მთლიანობაში — დაბალ დონედ, ხოლო ჯანმოს ევროპის რეგიონისთვის — ძალიან დაბალ დონედ.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეფასება განახლდება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე.
მისი თქმით, რუსი ოფიციალური პირები კვლავ იკვლევდნენ, გამოიწვია თუ არა შიპილოვას სიკვდილი პნევმონიურმა ჭირმა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანმრთელობისთვის საფრთხის დონე შემდეგნაირად შეაფასა: ირკუტსკისთვის — „ზომიერიდან დაბალ დონემდე“, რუსეთის დანარჩენი ნაწილისთვის — „დაბალი“, ხოლო ევროპისთვის — „ძალიან დაბალი.“
ცნობისთვის, 28 წლის დარია შიპილოვა გასულ კვირას, ავად გახდომიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, შესაძლოა, ის სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაინფიცირებულიყო; აღნიშნულ დაწესებულებაში საშიში პათოგენები ინახება და მათი კვლევა მიმდინარეობს.
რუსეთის ხელისუფლება მომხდარს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შიპილოვა „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. ქალაქ ირკუტსკში მდებარე კვლევით ცენტრსა და რამდენიმე მეზობელ საავადმყოფოში კარანტინის მკაცრი ზომები დაწესდა.
რუსული მედიის ცნობით, შიპილოვას 60 კოლეგა პარასკევიდან იმ ინსტიტუტის შენობაშია ჩაკეტილი, სადაც ის მუშაობდა; მათ იატაკსა და სკამებზე სძინავთ, ვიდრე ტესტირება მიმდინარეობს. მსგავსი ზომები დაწესდა ხუთ საავადმყოფოშიც, სადაც პაციენტებთან ახლობლების ვიზიტები აიკრძალა.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ ჭორებს და რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის უწყების — „როსპოტრებნადზორის“ — განცხადებებისთვის დაეჯერებინათ. უწყების ცნობით, ირკუტსკში ვითარება სტაბილურია და ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის ინფექციური დაავადების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
თავის მხრივ, ვაშინგტონი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოსკოვს მოუწოდა, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მეტი დეტალი გაესაჯაროებინა. „ვფიქრობ, რუსეთის ვალდებულებაა, მსოფლიოს მეტი ინფორმაცია გაუზიაროს,“ — განაცხადა რუბიომ „ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით, საათობრივ რეჟიმში ვაკვირდებით,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.
საპასუხოდ, „როსპოტრებნადზორმა“ შეერთებულ შტატებს დახმარება შესთავაზა. უწყების განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთის ფედერაცია მზადაა, დაეხმაროს აშშ-ს ინფექციური დაავადებების აფეთქებებთან ბრძოლაში.“
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დახმარების აღმოჩენისთვის მზად იყო. „არ მსიამოვნებს იმის ყურება, რომ მათ ეს პრობლემა აქვთ. ჩვენ დავეხმარებით. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყოველთვის დავეხმარებით,“ — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში შეკითხვის საპასუხოდ.
Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის მხრიდან საპასუხო ქმედებებზე მუშაობენ: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), სახელმწიფო დეპარტამენტი და სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების ადმინისტრაცია.
ინფორმაციისთვის: პნევმონიური ჭირი ცალკე დაავადება არ არის. ის ჭირის სამი ფორმიდან ერთ-ერთია: ბუბონური, სეპტიცემიური და პნევმონიური.
სამივეს ერთი ბაქტერია იწვევს.
მათ შორის განსხვავებას განსაზღვრავს ის, სხეულის რომელ ნაწილში ლოკალიზდება ინფექცია, რაც გავლენას ახდენს დაავადების გავრცელების გზასა და მის სიმძიმეზე.
ბუბონური ჭირი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და სწორედ მას გულისხმობს ადამიანების უმეტესობა, როდესაც სიტყვა „ჭირს“ ისმენს. ის, როგორც წესი, რწყილის ნაკბენის შედეგად ვითარდება. ბაქტერია უახლოეს ლიმფურ კვანძში ხვდება, რომელიც შუპდება და წარმოიქმნება მტკივნეული გამონაზარდი, რომელსაც ბუბონი ეწოდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ბუბონური ჭირი ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად ვრცელდება.
ჯანმოს ცნობით, პნევმონიური ჭირი „შეიძლება, ფატალური იყოს დაავადების დაწყებიდან 18-24 საათის განმავლობაში, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, მაგრამ ენტერობაქტერიების საწინააღმდეგო გავრცელებული ანტიბიოტიკები ეფექტიანად კურნავს დაავადებას, თუ ისინი ადრეულ ეტაპზე იქნება მიღებული.“