აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მარკ ცუკერბერგს თეთრ სახლში სადილზე აღარ მიიწვევს. ინფრომაციას TheGuardian-ი ავრცელებს.
"შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
ტრამპი აცხადებს, რომ Facebook-ის გადაწყვეტილება შეურაცხყოფას აყენებს 75 მილიონ ადამიანზე მეტს, რომლებმაც არჩევნებში მას მისცეს ხმა.
ცნობისთვის, Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება შეცვალა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს.
"გარემოებების სიმძიმის გათვალისწინებით, რამაც დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა გამოიწვია, მიგვაჩნია, რომ მისი ქმედებები ჩვენი წესების მკაცრ დარღვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, მისი ანგარიშები ორი წლით იბლოკება. დაბლოკვის ვადის ათვლა თავდაპირველი დაბლოკვის თარიღიდან, 2021 წლის 7 იანვრიდან დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ Facebook-ის ადმინისტრაცია ექსპერტებს მიმართავს, რათა შეფასდეს, შემცირდა თუ არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკი. საფრთხის არსებობის შემთხევაში კი შეზღუდვა გახანგრძლივდება მანამ, სანამ რისკები არ შემცირდება.
შეგახსნებთ, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.