აშშ-ის ავიაკომპანია United Airlines-მა გამოაცხადა, რომ აპირებს შეიძინოს 15 ახალი ზებგერითი თვითმფრინავი და "დაუბრუნოს ზებგერითი სიჩქარე ავიაციას" 2029 წელს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, United Airlines-ი ყველაზე სწრაფი თვითმფრინავების შეძენას Boom Supersonic-ისგან აპირებს, რომელიც დენვერში მდებარეობს. ზებგერითი თვითმფრინავის Overture-ს შექმნაზე მუშაობა 2025 წელს დასრულდება, ხოლო 2026 წლიდან თვითმფრინავები სატესტო რეჟიმში გაეშვება. მგზავრების გადაყვანა კი 2029 წლისთვის იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, ზებგერითი თვითმფრინავები აშშ-ში ცენტრალური აეროპორტებიდან მგზავრების გადაყვანას ლონდონის მიმართულებით 3,5 სთ-ში შეძლებენ, ხოლო სან-ფრანცისკოდან ტოკიომდე 6 სთ დასჭირდებათ.