სომხეთსა და აზერბაიჯანში რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღია, მაგრამ საქართველოში სავარაუდოდ, ორი თემა უნდა იყოს აქტუალური - თენგიზ ფხალაძე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europe Time-თან ინტერვიუში აფასებს.

„სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ, თენგიზ ფხალაძის აზრით, ორი თემა უნდა იყოს აქტუალური:

„ფილიპ რიკერს რეგიონული ტურნე აქვს, რაც ბუნებრივია, კარგია. ზოგადად, რაც უფრო მეტად იქნება შეერთებული შტატების ოფიციოზის ვიზიტები ამ რეგიონში, კარგია. თავისთავად ცხადია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ აქ ორი თემა უნდა იყოს აქტუალური: ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და დემოკრატიის გაძლიერება, ასევე, მომავალი არჩევნები (რაზეც სენატორებმაც ისაუბრეს) ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისათვის და მას განსაკუთრებით დააკვირდებიან.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი გზავნილი ექნება ფილიპ რიკერსაც, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი გამოყენებული იყოს კიდევ ერთხელ უსაფრთხოების გარემოზე ყურადღების გასამახვილებლად მაშინ, როდესაც უნდა გაიმართოს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი NATO-ს სამიტი, რომელმაც ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს რუსეთს, რომ მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მიუღებელი.

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან და ზოგადად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან