საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან

„პირველი ვიზიტი პოსტკოვიდურ პერიოდში აშშ-დან საქართველოში განვახორციელეთ იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს და მასთან პარტნიორობას ვანიჭებთ“, - ამ გზავნილით დაიწყო თბილისში, კოლეგებთან ერთად განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია „თბილისი მარიოტში“ 3 ივნისს, "დემოკრატმა" სენატორმა ჯინ შაჰინმა.

„ერთ-ერთი, რაც (თბილისში გამართული) ყველა შეხვედრის დროს გვესმის, ისაა, რომ საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად. ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

დელეგაცია შეხვდა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს.

„ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში“, - განაცხადა ამავე პრესკონფერენციაზე "რესბუპლიკელმა" სენატორმა რობ პორტმანმა. მისი თქმით, სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო აშშ-ის მეგობარია. მან, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ამ მხრივ ხედვებში განსხვავება არ არსებობს.

სენატორების ვიზიტის შეფასებისას, Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში, თავად ეს ვიზიტი იყო გზავნილი, რადგან ის საჭირო იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში.

„მით უმეტეს, ხანგრძლივი დრო გავიდა, რაც ასეთი ვიზიტი არ განხორციელებულა. თავისთავად ცხადია, რომ სენატორები დაინტერესებულები იყვნენ საქართველოში არსებული ვითარების შესწავლით. მათი გზავნილიც ეს იყო, რომ საქართველოს და ქართულ დემოკრატიას უჭერენ მხარს.

აქცენტი კეთდებოდა შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. იმავდროულად კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა საგარეო საფრთხეებზე და ვფიქრობ, რომ ამ კოტექსტში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ პოლიტიკოსებმა ხედვა გაუზიარეს ჩვენს პარტნიორებს, რადგან ორივე სენატორი ძალიან გავლენიანია. რომ შევაჯამოთ, ვიზიტი იყო თავად გზავნილი და ყველა განხილული საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ სენატორების ჩამოსვლა გარკვეული გზავნილი იყო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომ აშშ-სთვის პრიორიტეტად რჩება საქართველო და მისი დემოკრატიული განვითარება.

„ბოლო პერიოდში თითქოს აზრი არსებობდა, უკუსვლა ხომ არ ხდება დემოკრატიასთან დაკავშირებით, რაზეც არის დამოკიდებული NATO-ს წევრობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რეფორმებს არ გაატარებ, ქვეყანაში ხდება სტაგნაცია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, ლარის კურსი ეცემა, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ყველაფერზე და ამ დროს, ენერგია, რომელიც მიმართული უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, იხარჯება რაღაც ვიწროპარტიულ კინკლაობაში და აქედან გამომდინარე, ზოგჯერ არ ჩანს საქართველოს მონდომება.

ფორმალურ დონეზე - კი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ ახალი იდეები წამოვიდეს. იმ ფონზე, როდესაც აშშ გლობალური პრობლემებით არის დაკავებული, მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს სტაბილურობა, გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს. თუ ეს არ მოხდება, NATO-ში გაწევრიანებაზე და ასე შემდეგ საუბარი ზედმეტია, მით უმეტეს, გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europe Time-თან ინტერვიუში.

სენატორებმა საქართველო უკვე დატოვეს, თუმცა ქვეყანა აშშ-დან მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტის მოლოდინშია. საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ესტუმრება, რომელიც იმჟამინდელ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა.

თბილისიდან პომპეოს გამგზავრების შემდეგ, მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი საქართველოში დარჩა და დახურულ კარს მიღმა იმ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

ფილი რიკერს ახლა საკმაოდ ხანგრძლივი რეგიონული ტურნე აქვს, რომლის განმავლობაშიც:

„6-13 ივნისს „საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

„საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია.

სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები", - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ფილიპ რიკერის ვიზიტი გაგრძელებაა აშშ-ის გზავნილისა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მომხდარი მოვლენებისა, ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას. ეს არის ის, რასაც ქართული მხარე ელოდებოდა. ახლა, თანდათან ალბათ გამოიკვეთება პრიოროტეტები მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ალბათ უნდა გამოიკვეთოს კონტურები, როგორ ხედავენ პრიორიტეტებს და როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ ფრონტისპირა ქვეყნებს, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო. მთავარია, ფოკუსი არ დაიკარგოს, საქართველო არ ჩაიკარგოს გლობალური პრობლემების მიღმა და საკუთარი ნიშა გამონახოს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

„სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ, თენგიზ ფხალაძის აზრით, ორი თემა უნდა იყოს აქტუალური:

„ფილიპ რიკერს რეგიონული ტურნე აქვს, რაც ბუნებრივია, კარგია. ზოგადად, რაც უფრო მეტად იქნება შეერთებული შტატების ოფიციოზის ვიზიტები ამ რეგიონში, კარგია. თავისთავად ცხადია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ აქ ორი თემა უნდა იყოს აქტუალური: ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და დემოკრატიის გაძლიერება, ასევე, მომავალი არჩევნები (რაზეც სენატორებმაც ისაუბრეს) ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისათვის და მას განსაკუთრებით დააკვირდებიან.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი გზავნილი ექნება ფილიპ რიკერსაც, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი გამოყენებული იყოს კიდევ ერთხელ უსაფრთხოების გარემოზე ყურადღების გასამახვილებლად მაშინ, როდესაც უნდა გაიმართოს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი NATO-ს სამიტი, რომელმაც ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს რუსეთს, რომ მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მიუღებელი.

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან და ზოგადად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

სენატორების ვიზიტის პარალელურად, საქართველოში ასევე შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. ფილიპ რიკერის გარდა, ქვეყანაში უახლოეს მომავალში ასევე ელოდებიან ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.

„მთლიანობაში ეს ყველაფერი ერთად არის კარგი მოვლენა, შესაძლოა, ცოტა დაგვიანებულიც, რადგან ყარაბაღის ომის შემდეგ, ცოტა ვაკუუმი შეიქმნა რეგიონში დასავლეთის ყოფნასთან დაკავშირებით და ამ ვიზიტებმა გარკვეულწილად გამოაცოცხლა არსებული გარემო, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი საქართველოს მხრიდან, როგორ გამოვაცოცხლოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური საკითხები.

ამას მარტო ვერ გავაკეთებთ, თუმცა უნდა ვიყოთ ინიციატორები, დავსხდეთ ამერიკელებთან, გავლენიან ადამიანებთან განვიხილოთ საქართველოს და ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. შემდეგ უნდა შეჯერდეს მოსაზრებები და შეიძლება, შედგეს სამუშაო გეგმაც მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

უკრაინის პრემიერის ვიზიტის მნიშნელობას უსვამს ხაზს თენგიზ ფხალაძე. მისი თქმით, ყველა სპეკულაციას, მითქმა-მოთქმას რომელიც არსებობდა, წერტილი დაესმება.

„საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ამ პარტნიორობას, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც უნდა გაიმართოს სამიტი; იმ დროს, როდესაც ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომელთაც ასოცირებაზე აქვთ ხელი მოწერილი. ორივე ქვეყანა ერთიდაიგივე საფრთხის წინაშე ვართ.

მხედველობაში მაქვს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ერთიდაიგივე აგრესორი გვყავს - რუსეთის ფედერაცია. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხია, რომელშიც ვთანამშრომლობთ და კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, ინტენსიური გავხადოთ ეს თანამშრომლობა. ძალიან მიხარია, რომ ეს ვიზიტი შედგა, საჭირო იყო როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის, ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის.

რაც შეეხება ლიეტუვას, ეს არის ქვეყანა, რომელიც NATO-ში საქართველოს გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს და ამ კონტექსტში ლიეტუვა არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო.

მისასალმებელია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები მეტ-ნაკლებად დაწყნარდა და საშუალება გვაქვს, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, გარდა იმ პოლარიზაციისა, რომელიც არსებობდა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არსებობს თემები, რომლის გამოც, ყველა ვალდებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანები იყოს წინ წამოწეული, განხორციელებული, ქვეყნის უსაფრთხოება დაცული და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი არაფერმა შეუშალოს“, - განუცხადა Europe Time-ს თენგიზ ფხალაძემ.

ამერიკელი სენატორების მთავარი გზავნილები

სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ