მედიაგარემო, რუსული პროპაგანდა, ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტები - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მედიაგარემოზე გამახვილდა ყურადღება.
„მედიაგარემოში ჟურნალისტები, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგნელები დღესდღეობით ხშირად არიან ძალადობის ობიექტები, ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც მოდის, დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული ქეისები, მნიშვნელოვანია, შეწყდეს. ხელისუფლებას ჰქონდეს, მაგალითად, ძალადობასთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა. ჯგუფები, რომლებიც ეწევიან დეზინფორმაციულ საქმიამობას, არ იყვნენ მხარდაჭერილი. ეს არის მცირედი ჩამონათვალი პრობლემებისა და იმ შესაძლო გადაწყვეტისა, მაგრამ ყველაფერი, რაზეც საუბარია მედიაგარემოზე, ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი კოლეგები და ასე შემდე წლებია, საუბრობენ ამ საქმეებზე. შეხვედრის დროისა და ლიმიტის გამო, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტის დასახელება ან ყველა კაზუსის დეტალურად განხილვა ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
ჟურნალისტთა ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით კი, შეხვედრისას რუსული პროპაგანდის საკითხებიც განიხილეს.
"ვისაუბრეთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობასა და თვითრეგულირების მნიშვნელობაზე და, ასევე, განვიხილეთ, რუსული პროპაგანდის საკითხები საქართველოში. თითოეული პრობლემა არის მნიშვნელოვანი, რაც ეხება მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და, ასევე, მცდელობას, რომ თვითრეგულირების საკთხები გადავიდეს რეგულირებაში,"- განაცხადა გოგოსაშვილმა.
"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მათ ინფორმაცია მიაწოდეს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, ასევე, დისკრედიტაციულ კამპანიებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ.
"მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ პროცესში, მით უმეტეს, არჩევნების წინ და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებზე და დისკრედიტაციულ კამპანიებზე მმართველი პარტიის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელიც გამოძიებებს უკავშირდება,"- განაცხადა კინწურაშვილმა.
ცნობისთვის, ფილიპ რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს.
დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია