ლატვია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მონაწილეობით „ასოცირების ტრიოს“ შექმნას მიესალმება. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც საშუალებას აძლევს ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, მოახდინონ შიდა ქმედებების უფრო მეტი კოორდინაცია და იმუშაონ ევროკავშირთან.
„მივესალმებით საქართველოს ინიციატივას, შეიქმნას უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულება სამხრეთ-კავკასიის რეგიონში. ეს ძალიან კარგი იდეაა და შეესაბამება აღმოსავლეთ პარტნიორობის და რეგიონში უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპებს. ამას გარდა, ჩვენ მივესალმებით ასოცირების ტრიოს შექმნას. ეს გახლავთ ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, მოახდინონ შიდა ქმედებების უფრო მეტი კოორდინაცია და იმუშაონ ევროკავშირთან. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ველით თქვენთან მუშაობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მომზადება ადვილი ნამდვილად არ არის, ბელარუსში განვითარებული მოვლენებისა და რეგიონში არსებული სიტუაციის გამო. თუმცა, მე მჯერა რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს თავისი მნიშვნელობა და ღირებულებები.
ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს რეზოლუციებს გაეროს გენერალური ასამბელის ფარგლებში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. ჩვენ ვისაუბრეთ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და შეშფოთებული ვართ მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით მოქალაქეების უკანონო დაკავებაზის თაობაზე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, რომელსაც ასევე ვეწვევით.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ უსაფრთხოების კონფერენციაზე შევხვდით. ჩვენ გვქონდა სატელეფონო კონტაქტი, თუმცა ბუნებრივია, ZOOM-ი და Webex-ი ვერ ჩაანაცვლებს ორმხრივ შეხვედრებს. იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და გიწვევთ ლატვიაში. ახლა დროა, რომ თქვენ ჩამობრძანდეთ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ლატვიელმა დიპლომატმა.