გიორგი გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

განცხადების ავტორები რეაგირებას ითხოვენ, როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც შეეხება „პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, ირაკლი კობახიძის უმძიმეს განცხადებას სამართლებროვი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ 4 ივნისს მოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა ამ ბრალდებებზე საუბრობდა, ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება, საკუთარ პოლიციას, გმირ პოლიციელებს, ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამაზე არ აგოს პასუხი. დღეს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართეთ იმ უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა.

დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და ყველა ასეთ ბრალდებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოძიებამ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გარშემო არსებობს, უნდა გასცეს პასუხი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებით კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე მიიღეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ისახავდა მიზნად ხელისუფლების აყირავებას და ასევე, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა.