სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

  • სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დღეს, 23 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე — „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ.“ ხსენებული საქმე საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება.

საია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.


საიას ხელმძღვანელის თამარ ონიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც „ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა.“

 


„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არამარტო, საქართველოსთვის, არამედ, კონვენციური სისტემისთვისაც,“ - წერს იურისტი.

ECHR-მა დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური, გიორგი ანწუხელიძე, დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა ქუტაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი აწამეს.


სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა და რუსეთის ფედერაციას მოსარჩელეებისათვის - დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის - დიდი რაოდენობით ფულადი თანხის გადახდა დააკისრა.


სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, ვიდეომასალა, სამედიცინო და ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებდა ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობებს.


გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული სამხედროები ცხინვალში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსური ძალების კონტროლის ქვეშ, თუმცა რუსეთის პასუხისმგებლობა დგინდებოდა როგორც ტერიტორიაზე მისი ეფექტიანი კონტროლის, ისე რუსეთის სამხედროების უშუალო მონაწილეობის გამო.


განსაკუთრებული ყურადღება სასამართლომ დაუთმო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საქმეს.

გადაწყვეტილებაში განხილულია ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანს მასზე ძალადობა და დამცირება ტყვეობაში.


სასამართლომ დაადგინა, რომ ანწუხელიძე ტყვეობაში მოკლეს და რუსეთმა ვერ უზრუნველყო მისი სიცოცხლის დაცვა და საქმის ეფექტიანი გამოძიება.


სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ნაწილების დარღვევა.


ასევე დაადგინა, რომ რუსეთს არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამების ფაქტებზე.


რუსეთს გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის ოჯახის წევრებისათვის 65-65 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო გადარჩენილ სამხედრო ტყვეებისათვის - 40-40 ათასი ევროს გადახდა. რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 16 მარტის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს.