"საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა", - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის გაძლიერება არის NATO-სკენ მიმავალი გზა. ამასთანავე, სამიტი არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ NATO-ს კარი ღიაა.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში, 14 ივნისს გაიმართება NATO-ს სამიტი და პრეზიდენტი, უკვე პირველად პრეზიდენტის რანგში მოუთმენლად ელის ამ სამიტზე დასწრებას. რა თქმა უნდა, საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა და ეს საკითხები დღესაც იყო განხილვის თემა ჩემი შეხვედრების დროს პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩვენი ურთიერთობებისა და კავშირების კიდევ უფრო გამოხატვა და კვლავ დადასტურება.
მოგეხსენებათ, წინა კვირას საქართველოში იმყოფებოდა კონგრესმენთა დელეგაცია და მათაც ისაუბრეს ამ საკითხზე, იმ ძალიან ნათელ გზაზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს - ეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი რეფორმები დემოკრატიის, ეკონომიკის, უფრო ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის გზით. ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის NATO-სკენ მიმავალი გზა.
მოგეხსენებათ, ეს შეკრება და სამიტი არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ NATO-ს კარი ღიაა, მიუხედავად კოვიდით გამოწვეული მდგომარეობისა, NATO-მ გასულ წელს მიიღო 30-ე წევრი, ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც შეუერთდა NATO-ს და გახდა მისი წევრი. ასევე, ამ სამიტზე განხილული იქნება NATO-ს სამოქმედო გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ის გამოწვევები, რაც არსებობს დღესდღეობით NATO-ს წინაშე, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, ჩინეთის საკითხზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება, განიხილება საკითხები, რაც ემსახურება NATO-ს კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას", - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
როგორც რიკერმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.
"აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის NATO-ში ინტეგრაციას და ჩვენ ერთულნი ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განაცხადის, ვიდრე საქართველო NATO-ს წევრი გახდება", - განაცხადა რეკერმა.