შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა რუსეთის პრეზიდენტს გააცნო ევროპული საბჭოს პოზიცია ევროკავშირი-რუსეთის ურთერთობებთან დაკავშირებით. რაზეც საბჭომ მაისის ბოლოს იმსჯელა.

"ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო, პროვოკაციული და ხელის შემშლელი ქმედებები ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და სხვების წინააღმდეგ.

ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია ასეთი ქმედებების წინაშე. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა. ეს სიტუაცია და მისი შემდგომი გაუარესება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი ერთგულია ხუთი სახელმძღვანელო პრინციპების მიმართ, რომლებიც არეგულირებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვა რუსეთის წილ პასუხისმგებლობას მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბელარუსის საკითხზე. შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც ორგანიზაციას აქვს ბელარუსის ხელისუფლების მიერ Rainair-ის თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით და პუტინს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

"პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის ხელისუფლებისთვის აუცილებელია გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს რეპრესიები და ძალადობა, ასევე ჩაერთონ ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში. რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში", – ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ლიბიის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის, ასევე COVID-19-ის პანდემიის, ვაქცინების და სხვა გლობალურ თემებზე.