სებატიან მოლინეუსი: მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას შეუწყობს ხელს

სამხრეთ კავკასიაში „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, მათ მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და ვაქცინაციის პროცესისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას.

"მოხარული ვარ ვისაუბრო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ პროექტი სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს: პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. მეორე - დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის, შპრიცების და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში. და მესამე - ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის, და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა.

ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გვერდით დაუდგა მთავრობას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დაცვაში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებით და ასევე, პარალელურად დავეხმარეთ COVID-19-თან ბრძოლისათვის მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში. ჩვენ ხელი შევუწყვეთ მილიონობით PCR ტესტის, ჟანგბადის აპარატის და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის შეძენას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რაც, ჩემი აზრით, წარამატებით განვახორციელეთ გასული წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, ჩვენ ასევე ძალზე საჭირო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოვყავით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად.

დაბოლოს, ჩვენ უშუალო დახმარება გავუწიეთ მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, სოციალური დაცვის და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს, ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო

სებასტიან მოლინეუსი: მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, გაიკეთონ აცრა - ვაქცინები არის უსაფრთხო და აუცილებელი

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო €85 მილიონიან დახმარებას მიიღებს.