პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერი ერთობლივი განცხადება წარადგინეს. განცხადებას ხელს პარლამენტში შესული პოლიტიკური პარტიების წევრები აწერენ.
საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, ქვევით ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები: ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებითა და საქართველოს კონსტიტუციით; ვადასტურებთ რა 2020 წლის 29 დეკემბერს მიღებულ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“; ვემხრობით რა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს; სრულად ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია;
ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი NATO-ს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა;
აღვნიშნავთ რა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში;
ვითვალისწინებთ რა NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი;
აღვნიშნავთ რა, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს NATO-სთან სრული თავსებადობის მისაღწევად;
ვითვალისწინებთ რა, რომ NATO-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი, ერთიანი ვართ საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:
1. ერთხმად ვადასტურებთ, რომ NATO-ს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
2. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს NATO-ს წევრობისთვის.
3. მოვუწოდებთ NATO-ს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
4. ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში NATO-ს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს.
5. მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „NATO-2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ NATO-ს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე.
6. გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი NATO-სადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად.
7. ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, NATO-ს წევრობის მოსურნე ქვეყნების NATO-ში გაწევრება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“.
8. გვჯერა, რომ NATO-ს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, NATO-ში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს NATO-ში გაწევრების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა.
9. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს NATO-ში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა