კახა კუჭავა: საქართველო NATO-ს წევრი მალე გახდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

პარლმანეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს, სადაც NATO-ში გაწევრიანების მზაობაზეა ხაზი გასმული ხელი მოაწერა და მასზე ხელის მოწერა პარლამენტის წევრებსაც შესთავაზა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, საქართველო NATO-ს წევრი მალე გახდება. მისი თქმით, ეს განცხადება 14 ივნისს NATO-ს სამიტზე იქნება წარდგენილი.

"მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება მოაწეროს ხელი და არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ, რომელიც ყველას ინტერესებში შედის და საკითხი, რომელიც ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ყველა პარტიამ დააფიქსიროს. მასზე ხელმოწერა შეეძლება როგორც ყველა დეპუტატს ინდივიდუალურად, ასევე პოლიტიკური გაერთიანებისა და ჯგუფის სახელითაც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზადაა იმისთვის, რომ NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს, მოვისმინეთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს NATO-ს წევრობას და ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო NATO-ს წევრი მალე გახდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, პოლიტიკური ნება არსებობს და დღეს კიდევ ერთხელ ფიქსირდება ყველა საპარლამენტო პარტიის ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვართ ერთიანები და ნამდვილად მივაღწევთ ამ ერთიანობით ამ მიზანს“, - განაცხადა კუჭავამ.

NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა

პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება წარადგინეს